მნიშვნელოვანი სიახლეები
საბერძნეთში 2500 წლის წინანდელი დიდი ქალაქის ნანგრევები აღმოაჩინეს (+ვიდეო)

საბერძნეთში 2500 წლის წინანდელი დიდი ქალაქის ნანგრევები აღმოაჩინეს (+ვიდეო)

შვედმა და ბერძენმა არქეოლოგებმა 2500 წლის ასაკის, დიდი ქალაქის ნანგრევები აღმოაჩინეს. ქალაქი ათენიდან ჩრდილოეთით  560 კილომეტრში მდებარეობს. ეს რაიონი ანტიკურ ხანაში განუვითარებლად მიაჩნდათ.

 ნანგრევები თესალიაში სოფელ ვლოხოსის მახლობლად მდებარეობს. იგი 215 მეტრის სიმაღლის ბორცვზე იყო გაშენებული და მეცნიერებისათვის უკვე 200 წელია რაც ცნობილია, მაგრამ არქეოლოგების მიერ აქამდე ნაკლებად იყო შესწავლილი. ახლა მთელი რიგი კვლევების ჩატარების შემდეგ გაირკვა, რომ ის რაც ადრე პატარა სოფელი ეგონათ, თურმე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი ყოფილა.

 შვედმა და ბერძენმა არქეოლოგებმა ერთობლივი პროექტის Vlochos Archaeological Project-ის ფარგლებში 2016 წლის სექტემბერში ჩაატარეს კვლევა. სტანდარტული გათხრების ნაცვლად მათ რადიოლოკაციისა და  ფოტოგრამმეტრიის  უკონტაქტო მეთოდებს მიმართეს. შედეგად მეცნიერებმა ქალაქის მოედნის და ქუჩების დაგეგმარების მტკიცებულებას მიაკვლიეს. ასევე აღმოჩნდა ქალაქის ჭიშკრის ნანგრევები, თიხის ჭურჭელი და მონეტები. თავად ქალაქის ფართობი 40 ჰექტარს შეადგენს.

მეცნიერთა სიტყვებით ყველაზე ძველი არტეფაქტები ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 500 წელს განეკუთვნება. ქალაქი ყველაზე უფრო აყვავებული  ჩვენს წელთ აღრიცხვამდე  IV და III  საუკუნეებში იყო, რის შემდეგაც იგი მიატოვეს. ამის მიზეზი შესაძლოა რეგიონის რომაელთა მიერ დაპყრობა იყო. მკვლევარები ქალქის შესწავლას 2017 წელს გააგრძელებენ.