მნიშვნელოვანი სიახლეები
საიდუმლოებით აღსავსე უძველესი ტაძრის ადგილას სისხლიანი კულტის კვალი აღმოჩნდა

საიდუმლოებით აღსავსე უძველესი ტაძრის ადგილას სისხლიანი კულტის კვალი აღმოჩნდა

თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე არქეოლოგიური ძეგლი გებეკლი-ტეპე, მეცნიერთა და სიძველის მოყვარულთა გონებას დიდი ხანია აღიზიანებს. ახლახანს აღმოჩენილმა საშინელმა აღმოჩენამ სატაძრო კომპლექსს კიდევ უფრო მეტი საიდუმლო შემატა.

არავინ არ იცის თუ რა რიტუალები სრულდებოდა ამ საკულტო ნაგებობებში, რომლებიც 11 000 წლის წინათ არის აგებული. აქ ქვისგან ნაგები რამდენიმე  წრიული შენობა და 4 მეტრი სიმაღლის სვეტები აღმოჩნდა. მათზე ცხოველთა გამოსახულებებია და როგორც ბოლო დროის გამოკვლევამ დაადგინა, კომეტის ვარდნის მომენტიც კია ამოკვეთილი. ამასთან აქ როგორც ჩანს არავინ არ ცხოვრობდა: აკლდამები არ ჩანს, სამაგიეროდ ადამიანის ძვლების 691 ფრაგმენტი აღმოაჩინეს.

 მათ შორისაა თავის ქალას ძვლები, რომლებზეც შუბლიდან კეფამდე ღრმა სწორი ხაზები იყო ამოკვეთილი. როგორც ბერლინის გერმანიის ანთროპოლოგიის ინსტიტუტის ანთროპოლოგი იულია გრესკი აღნიშნავს, ეს ფაქტი ანატოლიის ამ ნაწილში „თავის ქალას კულტის“ არსებობაზე მიუთითებს. მაგრამ ამ თავის ქალებზე რიტუალური  მარკირება სხვა ცივილიზაციებისგან განსხვავებულია.

 თავის ქალას კულტი ფართოდ იყო გავრცელებული ნეოლითში და უფრო გვიან ეპოქებშიც. ამგვარ კულტურებში როგორც წესი, თავის ქალის ექსგუმაცია და გაწმენდა დაკრძალვიდან ძალიან მალე ხდება. შემდგე მათ ღებავდნენ ანდა სხვა წესით ამუშავებდნენ.

  2009-2014 წლებში გრესკიმ აქ თავის ქალას შვიდი ფრაგმენტი აღმოაჩინა, რომლებზეც უცნაური ხაზები იყო. შვიდი ფრაგმენტი სამ თავის ქალას ეკუთვნოდა. სავარაუდოთ ეს ფრაგმენტები მოზრდილ ადამიანებს ეკუთვნოდათ, თუმცა ფრაგმენტები ასაკისა და სქესის დადგენის საშუალებას არ იძლევა.

 თავის ქალებზე მარკირება იმაზე მიუთითებს, რომ ისინი რბილი ნაწილებისგან გასუფთავებული იყო. ორნამენტები სიკვდილიდან ცოტა ხნის შემდეგ გაკეთდა. ზოგ თავის ქალას ორნამენტი ყურის უკანაც ჰქონდა. ერთ თავის ქალაზე 5 მმ-იანი ნახვრეტიც აღმოჩნდა. ზოგ მათგანზე ბუნებრივი საღებავის - ოხრას კვალიც აღმოჩნდა.

 გრესკი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ გებეკლი-ტეპეს მცხოვრებლები დახელოვნებული მხატვრები იყვნენ, თავის ქალაზე ორნამენტები უხეშად არის გაკეთებული. ამით შესაძლოა ვიღაცეების მონიშვნა ანდა გარდაცვლილთა შეურაცხყოფა სურდათ. ალტერნატიული ვერსიით ნახვრეტები და ღარები თავის ქალებზე სამკაულების დასამაგრებლად იყო საჭირო. ანდა შესაძლოა  რაიმე ტექნოლოგიური საჭიროებით ყოფილიყო განპირობებული,  მაგალითად თავის ქალაზე ყბის ჩამოსაკიდებლად ანდა თავად ქალას დასაკიდებლად.

 ჯერ უცნობია თუ რატომ იყვნენ ნეოლითის ადამიანები თავის ქალებზე ჩაციკლულები. როგორც წესი თავის ქალას კულტი ორი მიზეზის გამო წარმოიქმნება. ზოგი ტომი მტრების თავის ქალებს მათზე გამარჯვების აღსანიშნავად იყენებდა. მეორენი კი თავის წინაპართა თავის ქალებს ამკობდა და მათ ეთაყვანებოდა. თუ რომელ შემთხვევასთან გვაქვს საქმე გებეკლი-ტეპეში ჯერ უცნობია. ამის გასარკვევად მეტი დრო და მეტი თავის ქალაა საჭირო.