მნიშვნელოვანი სიახლეები
სამხრეთ საფრანგეთში რომაული მოზაიკიანი სახლი აღმოაჩინეს

სამხრეთ საფრანგეთში რომაული მოზაიკიანი სახლი აღმოაჩინეს

საფრანგეთის სამხრეთში, თანამედროვე იუზესის მახლობლად, რომაული ქალაქ უკეტიას  (Ucetia) მაწილს მიაკვლიეს. ამქალაქის შესახებ ინფორმაცია  უფრო დიდი ქალაქის, ნიმის წარწერებში გვხვდება. ორ ქალაქს საერთო წყალსადენი აერთიანებდა, რომლის ყველაზე მაღალი ნაწილიც, ცნობილი პონ-დიუ-გარი, რომაულ აკვედუკებში დღემდე შემორჩენილი არის. ამას გარდა, უკეტიის სხვადასხვა ნაწილებში რამდენიმე მოზაიკაც გაითხარა. მთლიანობაში კი ეს ქალაქი აქამდე ნაკლებად იყო შესწავლილი.

 ახალი გათხრები 2016 წლის ნოემბერში დაიწყო, როცა ადგილობრივმა ხელისუფლებამ იუზესის მახლობლად სკოლა-ინტერნატის ასაგებად მიწის ნაკვეთი შეიძინა. დაცული არქეოლოგიური კვლევების საფრანგეთის ეროვნული ინსტიტუტის  (INRAP) ექსპედიციამ 4 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი გათხარა, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ მშენებლობა უძველეს შენობებს არ დააზიანებდა.

 გათხრების პროცესში დადასტურდა, რომ არქეოლოგები უკეტიის ქალაქის შიდა განაშენიანებაში მოხვდნენ. კვლევებმა დაადასტურა, რომ ქალაქი ძველი წეთაღრიცხვის I საუკუნიდან ჩვენი წელთაღრიცხვის VII საუკუნემდე არსებობდა, თანაც ორი „შესვენებით“ – III და IV საუკუნეებში. ამას გარდა შუა საუკუნეების დროინდელი შენობების ნაშთებიც აღმოჩნდა, მაგრამ მათი რაოდენობა ანტიკური ხანის შენობებზე გაცილებით ნაკლებია.

 ექსპედიციამ გამოაჩინა დიდი კედლის ნაწილი და უამრავი ნაგებობა, რომლებიც რომაელთა დაპყრობამდე პერიოდს განეკუთვნება. მათ შორისაა ოთახი პურის საცხობი ღუმელით. თავის დროზე ღუმელი დაუშლიათ და მის ადგილას დოლიუმი (dolium), საკვების შესანახი დიდი კასრი-ჭურჭელი (ბერძნული პიფოსების ანალოგი დაუდგიათ.

 მაგრამ ყველაზე ღირშესანიშნავი აღმოჩენა კოლონადებიან დიდ შენობაში აღმოჩენილი ორი მოზაიკური იატაკია (შენობის ფართი დაახლოებით 250 კვადრატული მეტრი). სახლმა ჩვენი წელთაღრიცხვის I საუკუნემდე იარსება.

 შენობის დანიშნულება ჯერჯერობით ვერ გაარკვიეს. კოლონადა შესაძლოა მის საზოგადოებრივ დანიშნულებაზე მიუთითებდეს. თუმცა არქეოლოგები არც იმას გამორიცხავენ, რომ შენობა მდიდარი მოქალაქის კუთვნილი კერძო სახლი ყოფილიყო. შესაძლოა მოზაიკა სახლის იმ ნაწილში მდებარეობდა, რომელშიც მფლობელი სტუმრებს იღებდა.

უკეტიაში გათხრები ჯერ არ დასრულებულა. მათ 2017 წლის აგვისტოში გააგრძელებენ.