მნიშვნელოვანი სიახლეები
შუმერულ ფირფიტაზე  დაბადების უძველესი თარიღი ამოიკითხეს

შუმერულ ფირფიტაზე დაბადების უძველესი თარიღი ამოიკითხეს

სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ვლადიმერ ემელიანოვმა ადამიანის დაბადების დღის აღმნიშვნელი უძველესი ჩანაწერი აღმოაჩინა.  იგი ლუვრში დაცულ, შუმერული ღმერთის ბაუს ტაძრიდან წამოღებულ ფირფიტაზე აღმოჩნა და მისი ასაკი ჩვენს წელთ აღრიცხვამდე  XXIV საუკუნით განისაზღვრება. ფირფიტაზე არა მხოლოდ  დაბადების წელი და თვეა მითითებული, არამედ მთელი სადღესასწაულო ცერემონიალის წვრილმანები.

 ეს ფირფიტა დიდი ხანია რაც აღმოჩენილია, მაგრამ იგი დღემდე არ უთარგმნიათ. ფირფიტაზე შუმერთა მეფე ლუგალანდის ქალიშვილის დაბადების  შესახებ არის ჩანაწერი გაკეთებული. იგი „მზის სინათლის დასუსტების დღეს“ ბაუს დღესასწაულის თვეში დაიბადა, რაც იულიუსის კალენდრით ოქტომბერ-ნოემბერს შეესაბამება. ამას გარდა ტექსტში მოთხრობილია მსხვერპლად შეწირული ცხოველების რაოდენობის შესახებ.

„ჩვენი ვარაუდით ბავშვი მორიელის თანავარსკვლავედის ამოსვლისას დაიბადა, რომელიც ჩვენს წელთ აღრიცხვამდე მე-III ათასწლეულში შემოდგომის ბუნიობას ემთხვეოდა, -  ამბობს ემელიანოვი. - ეს დრო გარდაცვლილთა სამყაროს უკავშირდებოდა, ვინაიდან ამ დროს დედამიწაზე სიბნელე ისადგურებდა. ამიტომაც ტექსტში გარდაცვლილ მმართველთათვის ენენტარზისა და დუდუსთვის შეწირული მსხვერპლის შესახებ არის ნახსენები. აქვეა მოხსენიებული გილგამეშიც - „მიწისქვეშა სამყაროს „კომენდანტიც“. ამგვარად ლურსმულად ნაწერი ტექსტი მოგვითხრობს მეფის ასულის დაბადების და ამის გამო გადახდილი ნადიმის შესახებ, რომელშიც ცოცხლებთან ერთად გარდაცვლილებიც მონაწილეობდნენ“.

უძველესი აღმოსავლეთის ისტორიაში მეფე ლუგალანდა შევიდა როგორც მმართველი, რომლის დროსაც მდიდართა და წარჩინებულთა მხრიდან გაიზარდა ძალაუფლების გადამეტება და სამართალდარღვევები, ხოლო კერძო საკუთრებამ უპირველესი მნიშვნელობა მოიპოვა. სწორედ ამას უკავშირებს პროფესორი ემელიანოვი ძველ შუმერებში დაბადების დღეებისადმი ინტერესის გაღვიძებას.