მნიშვნელოვანი სიახლეები
უძველესი ჰომინიდები სავარაუდოთ ევროპაში ცხოვრობდნენ

უძველესი ჰომინიდები სავარაუდოთ ევროპაში ცხოვრობდნენ

გერმანიის ტიუბინგენის უნივერსიტეტის ანთროპოლოგებმა ევროპული ნამარხი პრიმატების კბილები შეისწავლეს. ამ პრიმატებს გრეკოპითეკების სახელით იცნობენ. შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ გრეკოპითეკები შესაძლოა პირველი ჰომინიდები ყოფილიყვნენ. თანამედროვე ადამიანიც ჰომინიდების  ოჯახს განეკუთვნებიან.

 გერმანელი ანთროპოლოგების მთავარი არგუმენტი გრეკოფითეკის (Graecopithecus freybergi) ნაწილობრივ შეზრდილი ორ ფესვიანი ქვედა პრემოლიარის აგებულებაა: ეს ნიშანთვისება დამახასიათებელია ჰომინიდებისათვის და არ გვხვდება სხვა პრიმატებში. იმისათვის, რომ გრეკოპითეკის კბილების ფესვები ენახათ, მეცნიერებმა გრეკოპითეკის ერთადერთი კარგად შემონახული ქვედა ყბის კომპიუტერული ტომოგრაფია მოახდინეს. წინა კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ პრემოლიარის ფესვების რაოდენობა და ფორმა გენეტიკურად გადაეცემა და ნაკლებად არის დამოკიდებული გარემო პირობებზე. ამიტომაც ეს ნიშანთვისება ცოცხალი არსების ჰომინიდებისადმი კუთვნილებაზე მიუთითებს.

როგორც ვარაუდობენ პირველი ჰომინიდები 6-8 მილიონი წლის წინათ გაჩნდნენ. თუკი გრეკოპითეკების ჰომინიდებისადმი კუთვნილება დადასტურდება, მაშინ ისინი ამ ოჯახის ყველაზე ძველი წარმომადგენლები იქნებიან. აქამდე ყველაზე უძველეს ჰომინიდებად აფრიკელი საჰელანთროპები ანდა ორორინები ითვლებოდნენ. მათი ნეშთი შესაბამისად ჩადში და კენიაში აღმოაჩინეს. მათგან განსხვავებით გრეკოპითეკები ევროპაში ბინადრობდნენ: მათი ნაშთები აღმოჩენილია საბერძნეთში და ბულგარეთში. „ბულგარული“ კბილის მფლობელი 7,25 მილიონი წლის წინათ ბინადრობდა, ხოლო ათენთან აღმოჩენილი ქვედა ყბის მფლობელი 7,175 მილიონი წლის იყო.

  ანთროპოლოგებს გრეკოპითეკების ყბებისა და კბილების გარდა არაფერი აქვთ, ამიტომაც ამ პრიმატების ჰომინიდებისადმი კუთვნილება ვერსიის დონეზე რჩება. უცნობია თუ რამდენ კიდურზე გადაადგილდებოდნენ ისინი და  არ ვიცით მათი თავის ქალის ზომებიც კი.