მნიშვნელოვანი სიახლეები
VIII საუკუნის სამარხში განძი აღმოაჩინეს

VIII საუკუნის სამარხში განძი აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა ამ წელს ვულჩში VIII საუკუნის უკვე მეხუთე ხელუხლებელი ეტრუსკული სამარხი აღმოაჩინეს. მეცნიერთა ვარაუდით იგი ეტრუსკული არისტოკრატიის ერთ-ერთ პირველ წარმომადგენელს ეკუთვნოდა.

 ნეკროპოლში რკინის მოკლე შუბი აღმოჩნდა, რომელიც სპირალური ბრინჯაოს რგოლებით იყო მორთული. აქვე აღმოჩნდა ბრინჯაოს რამდენიმე ლანგარი, ხორცის შესაწვავი მაყალი და ლითონის ყუთი, რომელსაც თასების და დოქების სამაგრები ჰქონდა.  არქეოლოგებმა ასევე სახურავიანი კერამიკული ჭურჭელიც აღმოაჩინეს, რომელიც თეთრზე წითელი ორნამენტით იყო მორთული.

 არისტოკრატის ფერფლი ბრინჯაოს ჭურჭელში აღმოჩნდა, რომელსაც ბიბილოიანი ჩაფხუტის ფორმის სახურავი ჰქონდა. „ბიკონიკური დასაკრძალი ურნა, რომელსაც რთული ანტრომოფორმული ფორმები გააჩნია - იმ დროისათვის იშვიათი აღმოჩენაა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს გარდაცვლილის სხეულის ფორმის წარმოჩენის მცდელობაა, რომლის კრემაცია  იმ დროისათვის დასაკრძალი წესების სრული დაცვით მოახდინეს“, - ამბობს არქეოლოგი კარლო კაზი.

სამარხში გარდაცვლილის ფერფლიანი  კიდევ ერთი ჭურჭელი აღმოჩნდა. არქეოლოგების აზრით იგი არისტოკრატის ნათესავს უნდა ეკუთვნოდეს. ვულჩის ნეკროპოლი 150 წლის წინათ იქნა აღმოჩენილი. მეცნიერები დარწმუნებულები იყვნენ, რომ აღმოაჩინეს ყველაფერი, რისი აღმოჩენაც უძველესი ქალაქის ტერიტორიაზე შეიძლებოდა.

  ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა „ფრანსუას საფლავი“ იყო, რომელმაც მეცნიერებს უძვირფასესი ფრესკები და კულტურისა და ისტორიის სხვა ძეგლები გამოუჩინა. ცოტა ხნის წინათ საბილეთო სალაროების უკან დაინახეს ხალხი, რომლებიც რაღაცას თხრიდნენ. როგორც აღმოჩნდა მძარცველებმა ახალი სამარხების კვალს მიაგნეს.

 მათი დაწყებული გათხრები არქეოლოგებმა განაგრძეს. ამა წლის მარტიდან მოყოლებული ვულჩის ტერიტორიაზე 50-ზე მეტი ხელუხლებელი სამარხი აღმოაჩინეს.