მნიშვნელოვანი სიახლეები
ვიკინგების ხმლები ბრძოლისათვის გამოუსადეგარები აღმოჩნდნენ

ვიკინგების ხმლები ბრძოლისათვის გამოუსადეგარები აღმოჩნდნენ

დანიელმა მეცნიერებმა ვიკინგების ეპოქის რამდენიმე ხმლის ნეიტრონული სკანირება მოახდინეს და აღმოჩნდა, რომ ისინი ბრძოლისათვის ნაკლებად გამოსადეგნი იყვნენ.

 ვიკინგების ეპოქად 750-1050 წლები მიიჩნევა. სკანდინავი ზღვაოსნები სოციალური სტატუსიდან გამომდინარე სხვადასხვა სახეობის იარაღს იყენებდნენ, დაწყებული შუბით და ხმლით დამთავრებული.

ჩვენს დრომდე ვიკინგების ეპოქის 2000-მდე ხმალმა მოაღწია. ადრე მათ ძირითადათ ვიზუალურად, ანდა ინვაზიური მეთოდით შეისწავლიდნენ.

 ამჟამად მეცნიერებმა პირველად მოახდინეს უძველესი სკანდინავიური იარაღის ნეიტრონული სკანირება. ეს მეთოდი არაინვაზიური გზით არტეფაქტში ღრმად ჩახედვის საშუალებას იძლევა. „ეს პირველი კვლევაა, რომელიც საშუალებას იძლევა ვიკინგების ხმალი „ჭრილში“ დავინახოთ, ჩვენ გავიგეთ თუ რა მასალები გააერთიანეს მათი დამზადებისას“, - განაცხადა კვლევის წამყვანმა ავტორმა, დანიის ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერმა ანა ფედრიგომ.

 მეცნიერებმა დანიის ეროვნული მუზეუმიდან, ვიკინგების სამი ხმალი შეისწავლეს. სამივე IX–X საუკუნეებით თარიღდება. ისინი იუტლანდიის (თანამედროვე დანია) ცენტრალურ ნაწილში აღმოაჩინეს.

 სამივე ხმლის პირი ნაყშიანი ჭედვის მეთოდით დაამზადეს. ამ  დროს სხვადასხვა  სახეობის რკინის და ფოლადის წვრილი ზოლები იმგვარად იჭედება, რომ დეკორატიული ნაყში მივიღოთ. მეთოდი დღემდე გამოიყენება და ცივი იარაღის მოყვარულებში საკმაოდ პოპულარულია.

 მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს ხმლები ბრძოლისათვის ნაკლებ გამოსადეგნი იყვნენ. „იმის გამო, რომ ფოლადი რკინაზე უფრო მაგარია, ჩვენ ველოდებოდით ფოლადის პირებს და რკინის გულს. მაგრამ შესწავლილ ხმლებში მსგავსი ვერაფერი დავინახეთ“, - აღნიშნავს ფედრიგო.

ამას გარდა სკანირებამ აჩვენა, რომ დამზადების იმ მეთოდის გამოყენებისას, რომლითაც ზემოთ აღნიშნული ხმლები დაამზადეს, ზედაპირზე შესაძლოა ოქსიდები წარმოქმნილიყო, რაც ხმალს ნაკლებად მტკიცეს ხდიდა და ადვილად ჟანგავდა.

 მეცნიერთა ვარაუდით ეს ხმლები უფრო მფლობელის სტატუსს გამოხატავდნენ და ბრძოლაში ნაკლებად გამოიყენებოდა.