მნიშვნელოვანი სიახლეები
1950 წელს დაკარგული ბირთვული ბომბი იპოვეს?

1950 წელს დაკარგული ბირთვული ბომბი იპოვეს?

მოყვარულმა დაივერმა შესაძლოა კანადის პროვინცია ბრიტანული კოლუმბიის სანაპიროსთან, 1950 წელს დაკარგული ბირთვული ბომბი იპოვა.

შონ სმურიჩინსკი ზღვის კიტრების საძებნელად ყვინთავდა, როცა მოულოდნელად დიდ ლითონის ობიექტს წააწყდა, რომელიც ცოტათი ამო-ს ჰგავდა.

კანადის ეროვნული თავდაცვის სამინისტროში მიაჩნიათ, რომ ეს შეიძლება ამ რაიონში 1950 წელს ამერიკული ბომბდამშენ B-36-ის კატასტროფისას დაკარგული ბირთვული ბომბი იყოს.

 აღმოჩენის ადგილას სამხედრო ხომალდები გაიგზავნა.

დაივერის მონაყოლის მიხედვით, მან ობიექტი ალიასკისა და ბრიტანული კოლუმბიის საზღვართან ახლოს, ჰაიდა-გუაის არქიპელაგში შემავალ კუნძულ პიტთან ოქტომბრის დასაწყისში აღმოაჩინა. მისი თქმით ობიექტი ორადგილიან საწოლზე უფრო დიდი, ზემოდან სწორი და მომრგვალებული ძირის მქონეა.

სმურიჩინსკიმ მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ შეძლო ცივილიზაციას დაშორებული რაიონიდან მახლობელ ქალაქამდე მიღწევა და ხელისუფლების საქმის კურსში ჩაყენება.

დაკარგული ბომბის ისტორია სამხედრო ისტორიკოსებს მთელი ნახევარი საუკუნე აწუხებდათ. 1950 წელს ამერიკული ბომბდამშენიB-36 075 ბრიტანეთის კოლუმბიის ნაპირებთან დაიმსხვრა.  იგი ტექსასში მდებარე აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალების კარლსველის ბაზაში ბრუნდებოდა.

 თვითმფრინავი საიდუმლო მისიას ასრულებდა. ეკიპაჟს  ბირთვული შეტევის სიმულაცია უნდა მოეხდინა. სამხედროებს აინტერესებდათ გაუძლებდა თუ არა თვითმფრინავი ასეთ დატვირთვას. ამისათვის მის ბორტზე ატომური ბომბიMark 4 იყო მოთავსებული.

ფრენის დაწყებიდან რამდენიმე საათში თვითმფრინავის  მოტორი აალდა. ეკიპაჟის წევრები პარაშუტებით გადმოხტდნენ - 17 ადამიანიდან 5 დაიღუპა.

ამერიკელი სამხედროების მტკიცებით ბომბა ტყვიით და ტროტილით იყო დატენილი და არა პლუტონიუმით და ამიტომაც ბირთვული აფეთქება მოსალოდნელი არ იყო. გადმოხტომის წინ ეკიპაჟმა ბომბდამშენი ავტოპილოტზე დააყენა და ოკეანისკენ მიმართა.

 მაგრამ სამი წლის შემდეგ თვითმფრინავის ნამსხვრევები ოკეანეში კი არა მატერიკზე აღმოაჩინეს, სანაპიროდან ასობით კილომეტრზე. ნამსხვრევებს შორის ბომბი არ აღმოჩნდა.