მნიშვნელოვანი სიახლეები
ამერიკელებმა ჩრდილო კორეის ბირთვული გამოცდების ცენტრის 3D-მოდელი შექმნეს

ამერიკელებმა ჩრდილო კორეის ბირთვული გამოცდების ცენტრის 3D-მოდელი შექმნეს

სეისმოგრაფების, თანამგზავრული ფოტოგრაფიის და ჩრდილო კორეული პროპაგანდისტული ვიდეორგოლების მიხედვით  ამერიკელმა პროგრამისტებმა პუნგი-რის ბირთვული გამოცდების ცენტრის 3D-მოდელი შექმნეს. სწორედ აქ ახდენს ბირთვული იარაღის გამოცდებს მსოფლიოში ყველაზე უფრო ჩაკეტილი სახელმწიფო. ახლა მანტაპის მთის ძირში მოწყობილ ცენტრში ვირტუალური გასეირნება ყველას შეუძლია.

 ჩრდილო კორეამ უკვე ხუთი ბირთვული გამოცდა ჩაატარა. მათ შესახებ კაცობრიობა იაპონური და ამერიკული სეისმოგრაფების საშუალებით იგებს. მოწყობილობები მიწისქვეშა აფეთქებებისას ყოველ ბიძგს აფიქსირებენ. ჩრდილო კორეაში ატომური ბომბის პირველი გამოცდა 2006 წელს მოხდა. ხოლო ათი წლის შემდეგ - 2016 წელს უკვე წყალბადის ბომბი გამოსცადეს. მისი აფეთქება კორეის ბირთვული პროგრამის ისტორიაში ყველაზე მძლავრი იყო  - 15-20 კილოტონა.  შედარებისათვის - 20 კილოტონის სიმძლავრის აფეთქება 1 კილომეტრის რადიუსში ყველაფერს ანადგურებს, ხოლო მისი აფეთქებისას წარმოშობილი „სოკო“ სიმაღლეში 7-10 კილომეტრს აღწევს.

კალიფორნიის შტატის მონტერეის საერთაშორისო კვლევების უნივერსიტეტის პროგრამისტმა ჯეფრი ლუისმა NASA-ს და იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტრო სეისმოგრაფების, თანამგზავრული ფოტოების და კორეული პროპაგანდისტული ვიდეორგოლების გამოყენებით, შექმნა იმ ბაზის 3D-ვიზუალიზაცია, სადაც ჩრდილო კორეა ბირთვულ გამოცდებს ატარებს. ბაზა პუნგი-რის მდებარეობა სეისმოგრაფების მეშვეობით ზუსტად იყო ცნობილი. ამ რეკოსნტრუქციაში ყველაფერი დანარჩენი სპეციალისტების ვარაუდებია, თუმცა ზოგი მათგანი საკმაოდ ზუსტი და დამაჯერებელია. „ჩვენ გვირაბები იმგვარად განვალაგეთ, როგორც ამას  გავაკეთებდით ჩვენი ბაზის მშენებლობისას. გასაგები იყო, რომ გვირაბებში ჰაერსადენები უნდა ყოფილიყო - ადამიანებს საერთოდ უყვართ სუნთქვა“, - გვიხსნის ლუისი.

პუნგი-სის 3D-მოდელში მოგზაურობა კომპიუტერის ეკრანიდან, პლანშეტიდან ანდა მობილურიდან შეიძლება. არსებობს ასევე ვერსია ვირტუალური რეალობით. ინტერიერი ძველ კომპიუტერულ თამაშებს ჰგავს: თეთრი ბეტონის კედლების გასწვრივ კაბელების მძიმე ხვეულებია გაჭიმული, დგას ხის ყუთები. რუკაზე წერტილებით მონიშნულია ის ადგილები, სადაც ბირთვული გამოცდები უკვე ჩატარდა.