მნიშვნელოვანი სიახლეები
აშშ-ს საზღვაო ქვეითები ჩუმ ბრძოლას ემხრობიან

აშშ-ს საზღვაო ქვეითები ჩუმ ბრძოლას ემხრობიან

აშშ-ს საზღვაო ქვეითების კორპუსმა ცეცხლსასროლი იარაღის ყველა ტიპზე მაყუჩები დააყენა. სამხედროების აზრით ეს ბრძოლისას სამხედრო ქვედანაყოფების მართვის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს, ვინაიდან მებრძოლები უფრო კარგად გაიგებენ ბრძანებებს.

ინტენსიური ბრძოლისას დიდი ხმაურის გამო ზოგიერთმა ჯარისკაცმა შესაძლოა ბრძანება ვერ გაიგოს. ამას გარდა ქვედანაყოფები ზოგჯერ მჭიდრო ჯგუფად არ იბრძვიან. შესაბამისად მეთაურებს ვიზუალური კონტაქტის არარსებობის გამო ხშირად უჭირთ მებრძოლებისათვის ბრძანების მიცემა.

 სამხედროებმა ჩათვალეს, რომ ზეპირი  ბრძანების გაცემა უფრო გაადვილდებოდა თუკი საკუთარ იარაღს ნაკლებ ხმაურიანს გახდიდნენ. ამჟამად აშშ-ს საზღვაო ქვეითების მე-2 დივიზიამ ექსპერიმენტის სახით თავისი ყველა ცეცხლსასროლი იარაღი - პისტოლეტებიდან 12,7 მმ კალიბრის ტყვიამფრქვევების ჩათვლით -  მაყუჩებით აღჭურვა.

 „წყნარი“ იარაღით მებრძოლები სხვადასხვა წვრთნებს ატარებენ. გენერალ-მაიორ ჯონ ლავის სიტყვებით შემცირდა შემთხვევები, როცა მებრძოლებს ხმაურის გამო ბრძანება არ ესმოდათ. შესაბამისად ქვედანაყოფების ეფექტიანობა საგრძნობლად გაიზარდა.

 საბოლოო გადაწყვეტილება საზღვაო ქვეითების მთლიანად მაყუჩიან იარაღზე გადასვლასთან დაკავშირებით ექსპერიმენტების სერიის შემდეგ გადაწყდება, რომლებიც წლის ბოლოსათვის უნდა დასრულდეს. ჯერ უცნობია თუ როგორი იქნება საბოლოო გადაწყვეტილება. საქმე იმაშია, რომ მაყუჩები ძვირი ღირს და ამასთან იარაღის რესურსს ამცირებენ, სწრაფად ხურდებიან და იარაღის სიზუსტეც მოიკოჭლებს.