მნიშვნელოვანი სიახლეები
აშშ  წყნარ ოკეანეში ავიამზიდს გააგზავნის (+ვიდეო)

აშშ წყნარ ოკეანეში ავიამზიდს გააგზავნის (+ვიდეო)

კვირის ბოლომდე აშშ-ს სამხედრო საზღვაო ფლოტის პირველი ავიამზიდი ჯგუფი ატომური ავიამზიდის „კარლ ვინსონის“ მეთაურობით სან-დიეგოს ბაზას დასტოვებს და წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში საბრძოლო დავალების შესასრულებლად გაემართება.

ავიმზიდზე განთავსებული საგემბანო ავიაციის მე-2 ავიაფრთასთან ერთად შენაერთში შევლენ სარაკეტო კრეისერი „ლეიკ ჩემპლეინი“, ფრეგატები „უეინ მაიერი“ და „მაიკლ მერფი“  და სხვა ხომალდები. ხომალდების ბორტზე 7,5 ათასამდე მეზღვაურია განთავსებული. ესკადრამ მთელი რიგი სწავლებები უნდა ჩაატაროს. სწავლებების სიაში შეტანილია საარტილერიო სროლები, წყალქვეშა ნავებზე ნადირობა, საეჭვო გემების დაკავება და შემოწმება. ავიამზიდი ჯგუფი ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში საერთაშორისო მანევრებშიც მიიღებს მონაწილეობას.

 პირველი ავიამზიდი ჯგუფი აშშ-ს მესამე ფლოტის შემადგენლობაში შედის. ზღვაში გასვლის წინ ხომალდების ეკიპაჟებმა სან-დიეგოში სწავლების სამთვიანი კურსები გაიარეს. ჯგუფს მეშვიდე ფლოტის შტაბი უხელმძღვანელებს, რომელიც აშშ-ს დასავლეთ სანაპიროს უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი.

 ავიამზიდი „კარლ ვინსონი“ „ნიმიცის“ ტიპის ავიამზიდების სერიაში მესამე ხომალდია. მისი წყალწყვა 97 ათასი ტონაა, სიგრძე 332 მეტრი. ეკიპაჟი ავიაფრთასთან ერთად 5700 ადამიანს ითვლის. ავიამზიდზე 90-მდე თვითმფრინავი და ვერტმფრენია მოთავსებული. 2015-2016 წლებში „კარლ ვინსონს“ მოდერნიზაცია ჩაუტარდა, კერძოდ მასზე პირველად დამონტაჟდა უპილოტოების მართვის პოსტი.

ავიამზიდმა სახელი 2011 წელს გაითქვა, როცა მის ბორტზე ამერიკული სპეცრაზმის მიერ ლიკვიდირებული უსამა ბენ ლადენის გვამი მიიტანეს. მოკლული ტერორისტი არაბეთის ზღვის წყლებს მიაბარეს.