მნიშვნელოვანი სიახლეები
ბომბდამშენებს საბრძოლო ლაზერით აღჭურვავენ

ბომბდამშენებს საბრძოლო ლაზერით აღჭურვავენ

აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალების კვლევითი ლაბორატორია (AFRL) მრავალფუნქციური  მძიმე სტრატეგიული ბომბდამშენ B-52 Stratofortress-ისათვის საბრძოლო ლაზერს შექმნის.

საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ დიდი და მოუქნელი ბომბდამშენები მოწინააღმდეგის რაკეტებისათვის იოლ საკბილოს წარმოადგენენ. ამგვარია აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალების შორეული ავიაციის ლეგენდარული ბომბდამშენი B-52. ერთის მხრივ მას 31,5 ტონა სხვადასხვა სახის შეიარაღების ტარება შეუძლია. ეს შეიძლება იყოს 51 ერთეული სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალის - ბირთვულის ჩათვლით. ბომბდამშენს ასევე გააჩნია აშშ-ს ყველა თვითმფრინავებს შორის ყველაზე ძლიერი რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემები. უახლოეს მომავალში მას საბრძოლო ლაზერებიც დაემატება.

თითქმის 230 ტონა მასის თვითმფრინავს ძალიან სუსტი მანევრირების უნარი გააჩნია და ამიტომაც მას მოწინააღმდეგის რაკეტებისათვის თავის არიდება უჭირს. საბრძოლო ლაზერი ბომბდამშენს სწორედ მოწინააღმდეგის რაკეტებისგან დაიცავს. ამასთან საბრძოლო ლაზერი რაკეტის დამიზნების სიტემას კი არ დააბრმავებს, არამედ გაანადგურებს მას.

AFRL-ში მიაჩნიათ, რომ საბრძოლო ლაზერი ეფექტურად დაიცავს საჰაერო ხომალდს მოწინააღმდეგის რაკეტებისგან. პროექტმა სახელად SHIELD („ფარი“) მიიღო და ხუთ წელიწადში იქნება რეალიზირებული. ამ დროის განმავლობაში მკვლევარებმა უნდა შექმნან  სპეციალური კონტეინერები საბრძოლო ლაზერებისათვის, რომლებიც შეიძლება არა მხოლოდ  B-52-ზე,არამედ აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავ C-130J Super Hercules-ზეც დამაგრდეს.