მნიშვნელოვანი სიახლეები
ჩეხეთი მოდიფიცირებული შაშხანა CZ 806 Bren 2-ით შეიარაღდება (+ვიდეო)

ჩეხეთი მოდიფიცირებული შაშხანა CZ 806 Bren 2-ით შეიარაღდება (+ვიდეო)

კომპანია Ceska Zbrojovka-მ ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროსათვის მოდიფიცირებული შაშხანა CZ 806 Bren 2-ის  წარმოება დაიწყო. ახალი მოდელი ამავე წარმოების წინა მოდელს შეცვლის.

პირველ პარტიაში ჩეხეთის არმია  1900 შაშხანა CZ 806 Bren 2 A1-ს და 700 კარაბინ CZ 806 Bren 2 A2-ს მიიღებს. საბაზო კომპლექტაციაში ოპტიკური სამიზნე, ღამის ხედვის სამიზნე, დანა, შალითები, ქამრები და  საჭირო ხელსაწყოების ნაკრები შედის.

ამას გარდა შეკვეთაში შედის 800 ლულისქვეშა 40 მმ კალიბრის ყუმბარმტყორცნი CZ 805 G1. კონტრაქტის მთლიანი ღირებულება 16,6 მილიონი დოლარია.

 მოდელები CZ 806 Bren 2 A1 და CZ 806 Bren 2 A2 ერთმანეთისგან მხოლოდ ლულის სიგრძით განსხვავდებიან. შაშხანას 14 ინჩიანი ლულა აქვს, კარაბინს - 11 ინჩიანი. კომპანია CZ პირველი პარტიის მიწოდების დასრულებას ამ თვის ბოლოსთვის აპირებს.

 შაშხანა CZ 806 Bren 2 2015 წელს CZ 805 Bren მაგივრად შეიქმნა. ეს უკანასკნელი კი ჩეხეთის არმიამ შეიარარებაზე 2011 წელს მიიღო. ცვლილების მიზეზი მის უარყოფით თვისებებზე სამხედროთა ჩივილი გახდა: იგი უცხოურ ანალოგებზე უფრო ძვირი ღირდა, დიდი საერთო მასა გააჩნდა (3,8 კგ)  და გაბარიტებითაც არ იყო პატარა. ამას ემატებოდა სროლის დროს ცუდი ბალანსი. ყველაზე დიდი ნაკლი მაინც საველე პირობებში მისი შეკეთების სიძნელე გახლდათ.

ახალი შაშხანა წინამორბედზე 530 გრამით უფრო მსუბუქია და ნატოს სტანდარტულ  STANAG  თავსებად მჭიდეებს იყენებს, ისეთებს როგორიც ამერიკულ შაშხანა М16-ზე და კარაბინ М4-ზეა (AR-15). ამას გარდა ახალი იარაღი თანაბრად მოსახერხებელია როგორც ცაციებისთვის ისე მემარჯვენეებისთვის.