მნიშვნელოვანი სიახლეები
ჩრდილო კორეის რაკეტა იაპონიის თავზე (+ვიდეო)

ჩრდილო კორეის რაკეტა იაპონიის თავზე (+ვიდეო)

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძიო აბემ ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. მიზეზი - ჩრდილო კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის მორიგი გაშვება აღმოჩნდა, რომელმაც იაპონიის ტერიტორიის თავზე გადაიფრინა. სხდომაზე შექმნილი ვითარება  და რეაგირების შესაძლო ღონისძიებები განიხილეს.

„ჩრდილო კორეის მიერ გაშვებულმა ბალისტიკურმა რაკეტამ ჩვენი საჰაერო სივრცე გადაკვეთა და წყნარ ოკეანეში ჩავარდა. ჩვენ ამის შესახებ გაშვებისთანავე შევიტყვეთ და რაკეტის გადაადგილებას თვალს ვადევნებდით. მიღებული იქნა ყველა ზომები, რათა ადამიანთა სიცოცხლეს საფრთხე არ შექმნოდა. იაპონიის თავზე გადაფრენილი რაკეტა ეს უპრეცენდენტო და სერიოზული საფრთხეა, რომელიც რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას ემუქრება“, - განაცხადა იაპონიის პრემიერმა.

მისი განცხადებით რაკეტის ჩამოგდების ბრძანება არ გაიცა, იმიტომ რომ ქვეყნის უშიშროებას საფრთხე არ შექმნია. სამშაბათს დილით წინასწარი საგანგებო გაფრთხიულების სისტემა  J-Alert-ის მეშვეობით ტოკიომ ქვეყნის მოსახლეობა ჩრდილო კორეული რაკეტის გაშვების შესახებ გააფრთხილა.

იაპონელი სამხედრო ექსპერტების განცხადებით რაკეტამ 2700 კილომეტრი გაიფრინა და ჰოკაიდოს საგუბრნატოროში მდებარე ერიმოს კონცხიდან 1180 კილომეტრზე ჩამოვარდა. იაპონიის საჰაერო და საზღვაო ხომალდებს ზიანი არ მოსვლიათ.

ჩრდილო კორეის მიერ რაკეტის გაშვების ფაქტი სინძიო აბესა და აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბრის თემა გახდა. ტოკიო და ვაშინგტონი შეთანხმდნენ, რომ გააძლიერებენ ჩრდილო კორეაზე ზეწოლას და დაადასტურეს რუსეთთან და ჩინეთთან ფხენიანის ბირთვული და სარაკეტო პროგრამის პრობლემის გადაწყვეტის საქმეში თანამშრომლობა.