მნიშვნელოვანი სიახლეები
გერმანია თავდაცვით ხარჯებს მშპ-ს 1,2%-მდე ზრდის

გერმანია თავდაცვით ხარჯებს მშპ-ს 1,2%-მდე ზრდის

 გერმანია 2017 წელს თავდაცვით ხარჯებს 2 მილიარდი ევროთი ზრდის. ამ დროს ნატოს მოთხოვნა ქვეყნის სამხედრო ხარჯების  მშპ-ს  2%-მდე  გაზრდაა.

 როგორც დაგეგმილია, გერმანია თავდაცვაზე 37 მილიარდ ევროს დახარჯავს, რაც მისი მშპ-ს მხოლოდ 1,2%-ს შეადგენს.

ალიანსის ცნობით, მხოლოდ ნატოს ხუთი წევრი ქვეყანა ასრულებს მოთხოვნებს და ზრდის სამხედრო ხარჯებს მშპ-ს 2 %-მდე: ესაა აშშ, ბრიტანეთი, საბერძნეთი, პოლონეთი და ესტონეთი.

მანამდე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსში შემავალ ქვეყნებს მოუწოდა თავდაცვითი ხარჯები მშპ-ს 2%-მდე გაეზარდათ.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ურსულა ფონ დერ ლიაიენმა განაცხადა, რომ გერმანია სწორი მიმართულებით მიდის, მაგრამ ერთბაშად თავდაცვითი ხარჯების მკვეთრი ზრდა არ შეუძლია.

თავიანთი სამხედრო ხარჯების გაზრდის შესახებ ნატოს კიდევ რამდენიმე წევრმა სახელმწიფომ განაცხადა.

საარჩევნო კამპანიის დროს აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნატოს მოძველებული სამხედრო კავშირი  არაერთხელ უწოდა და განაცხადა, რომ მას თავისი როლი დაკარგული აქვს. ტრამპის აზრით ალიანსი არაეფექტურია, ხოლო მისი ევროპელი წევრების წვლილი ორგანიზაციაში უმნიშვნელოა.

ტრამპის განცხადებით, თუკი ალიანსის წევრის დახმარებაზე, რომელიც არ იხდის სათანადო შენატანს ალიანსის ბიუჯეტში და თავს დაესხმიან, აშშ-ს  ორჯერ მართებს დაფიქრება. მისი განცხადებით აშშ-ს ნატო ძალიან ძვირი უჯდება და ქვეყანას აღარ შეუძლია ასეთი ფუფუნება გაწიოს.