მნიშვნელოვანი სიახლეები
გერმანიამ გადანახული ტანკების კონსერვაციიდან მოხსნა დაიწყო

გერმანიამ გადანახული ტანკების კონსერვაციიდან მოხსნა დაიწყო

გერმანიის შეიარაღებული ძალების სატანკო პარკი უახლოეს წლებში მესამედით გაიზრდება. ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ Leopard 2 ტანკების 100 ერთეულის კონსერვაციიდან მოხსნა და მოდერნიზაცია გადაწყვიტა.

ბუნდესვერი მოდერნიზირებულ ტანკებს 2019 წლიდან მიიღებს, 2023 წლისათვის გერმანიის არმიას ბოლო თაობის 320 ტანკი Leopard 2 ეყოლება.

პროგრამის ღირებულება 832,7 მილიონ დოლარს შეადგენს. სულ ბუნდესვერი 104 ახალ და მოდერნიზირებულ ტანკს მიიღებს.

ბევრი ტანკი თავის დროზე, ცივი ომის დასრულების შემდეგ „ლეოპარდების“ მწარმოებელ Krauss-Maffei Wegmann-ს გადაეცა შესანახად. მაშინ ევროპაში მიაჩნდათ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საფრთხე წარსულს ჩაბარდა.

ახლა დრო შეიცვალა. „უკანასკნელი წლების გეოპოლიტიკურმა ცვლილებებმა ჯავშანსატანკო ძალების მნიშვნელობა კვლავ წინა პლანზე წამოწია“, - აცხადებს გერმანიის თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტი.