მნიშვნელოვანი სიახლეები
პენტაგონი ახალ ფრთოსან რაკეტას მიიღებს

პენტაგონი ახალ ფრთოსან რაკეტას მიიღებს

ამერიკული თავდაცვითი კორპორაციები Lockheed Martin და Raytheonაშშ-ს თავდაცვის სამინისტროს შეკვეთით ახალ ბირთვულქობინიანი ფრთოსანი რაკეტის შემქნაზე იმუშავებენ. ახალმა რაკეტამ შესაძლო მოწინააღმდეგის საჰაერო ფარი უნდა დაძლიოს.

 შორი მოქმედების ახალი ფრთოსანი რაკეტა ამჟამად შეარაღებაზე მყოფ "ჰაერი-ხმელეთის" ტიპის AGM-86B რაკეტებს შეცვლის. ეს რაკეტები კომპანია Boeing-მა ჯერ კიდევ 1980-იან წლებში შექმნა. კონტრაქტის პირობებით აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალები ათასამდე ახალი რაკეტის შეძენას აპირებენ. მთელი კონტრაქტის ღირებულება 10 მილიარდ დოლარს აღწევს.

 მანამდე ახალი რაკეტის შექმნაზე Lockheed Martin და Raytheon-მა  დამოუკიდებელი კონტრაქტები მიიღეს. თვითოეულ მათგანს საპროექტო სამუშაოებისათვის 900 მილიონი დოლარი გამოეყო.  შედარებითი გამოცდების შემდეგ აშშ-ს თავდაცვის სამინისტრო აარჩევს რაკეტას და ორი მიმწოდებლიდან ერთ-ერთს ხელშეკრულებას დაუდებს.

შორი მოქმედების რადიუსის ახალი ფრთოსანი რაკეტები 2030 წლისათვის უნდა მიიღონ შეიარაღებაზე. რაკეტებს აშშ-ს "მტრებისათვის შემაკავებელი ფაქტორის როლი დაეკისრება". სპეციალისტების გაოცება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ამჟამად შეიარაღებაში მყოფი რაკეტის შემქმნელი კორპორაცია Boeing  ტენდერში მონაწილეობას არ იღებს.