მნიშვნელოვანი სიახლეები
პენტაგონმა ახალი ბირთვული ავიაბომბები გამოსცადა

პენტაგონმა ახალი ბირთვული ავიაბომბები გამოსცადა

აშშ-ს ენერგეტიკის სამინისტროს ბირთვული უსაფრთხოების ეროვნულმა სამმართველომ (NNSA) პენტაგონის საავიაციო მხარდაჭერით ახალი მართვადი ბირთვული B61−12 ავიაბომბები გამოსცადა.

 B61−12 ტაქტიკური ბირთვული ავიაბომბა B61-ის მართვად მოდიფიკაციას წარმოადგენს. ამ ბომბის პირველი ვერსია აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალებმა შეიარაღებაში ჯერ კიდევ 1968 წელს მიიღეს. მე-12 ვერსია მოძველებულ 3,4,7 და 10 მოდიფიკაციებს შეცვლის. B61−12-ის პირველი გამოცდა ბირთვული მუხტის გარეშე ამა წლის მარტში ნევადას შტატში მდებარე პოლიგონზე მოხდა. ახალი ბომბის თავისებურება მისი კუდის აღნაგობაშია.

 იგი ავიაბომბას მართვადს ხდის. უკვე აღარ არის საჭირო მიზნის თავზე ბომბის პარაშუტით დაშვება. მას თვითმფრინავი მიზნიდან რამდენიმე კილომეტრის სიმაღლიდან აგდებს და შემდეგ B61−12 უკვე თავისით ახდენს ტრაექტორიის კორექტირებას. 2020 წლიდან მოყოლებული პენტაგონი ახალ ავიაბომბებს ევროპულ ბაზებზე გერმანიაში, იტალიაში, ბელგიაში და ნიდერლანდებში განალაგებს.

ამასობაში ნევადას შტატის ტონოპას პოლიგონზე კიდევ ორი B61−12, ისევ ბირთვული მუხტის გარეშე გამოსცადეს. გამანადგურებელ-ბომბდამშენმა F-15E-მ ორი ბომბი ჩამოაგდო. აშშ-ს ბირთვული უსაფრთხოების ეროვნული სააგენტოს განცხადებით გამოცდამ  წარმატებით ჩაიარა. B61-ის მე-12 ვერსიამდე მოდერნიზაცია პენტაგონს 9,5 მილიარდი დაუჯდება.