მნიშვნელოვანი სიახლეები
პეტერბურგში 9 მაისის საზღვაო აღლუმის ჩაშლა ამერიკულ ფრეგატს ედება ბრალად

პეტერბურგში 9 მაისის საზღვაო აღლუმის ჩაშლა ამერიკულ ფრეგატს ედება ბრალად

იმ დღეს კრონშტადტის სამხედრო საზღვაო ბაზიდან ყველა რუსული სამხედრო ხომალდი და წყალქვეშა ნავი გავიდა. ამასთან ერთად სრულ მზადყოფნაში მოიყვანეს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექსები.

როგორც ახლა ავრცელებენ, რუსეთის ბალტიის ფლოტის ხომალდები სანკ-პეტერბურგიდან Tomahawk-ებით შეიარაღებული ერთი ამერიკული ფრეგატის გამო გავიდნენ.

9 მაისის წინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დაგეგმილი საზღვაო აღლუმი არ ჩატარდებოდა, მიზეზი კი არ დაუსახელებიათ.

  და აი ახლა ცნობილი ხდება, რომ თურმე რუსეთის შიდა საზღვაო საზღვრებთან ახლოს, პოტენციური სარაკეტო დარტყმის მანძილზე, გდანსის ყურეში  ამერიკული ფრეგატი  USS Carney (DDG-64) შემოსულა.

 არადა საზღვაო აღლუმის გადადებას ბალტიის ფლოტისა და დასავლეთის სამხედრო ოლქის სარდლობას შორის ტექნიკურ შეუთანხმებლობასაც აბრალებდნენ.

როგორც გინდა იყოს, აღლუმის გადადების ორივე მიზეზი საკმაოდ კომიკური გამოდის, გინდა  სარდლობებს შორის შეუთანხმებლობა აიღე და გინდა ერთი ამერიკული ფრეგატი, რომელმაც მთელი ბალტიის ფლოტი ფეხზე დააყენა.

 Carney-ს სტუმრობის გარდა ბალტიის ზღვაში ამ ბოლო დროს ნატო საკმაოდ გააქტიურდა. აპრილის ბოლოს კი ემარის სავიაბაზაზე ამერიკული მეხუთე თაობის ორი გამანადგურებელი F-35 А დაეშვა. 3 მაისს კი  ლატვიაში, ლიეპაიას ნავსადგურს ალიანსის ოთხი ხომალდი ეწვია (წესით მაგ დროს უნდა დამდგარიყო ბალტიის ფლოტი ყალყზე).