მნიშვნელოვანი სიახლეები
პირველი ჩინური ავიამზიდი ზღვაში გავიდა

პირველი ჩინური ავიამზიდი ზღვაში გავიდა

ჩინეთის სამხედრო საზღვაო ძალების ავიამზიდი Liaoning  ექვსი სამხედრო ხომალდის თანხლებით სამხრეთ ჩინეთის ზღვის სადაო წყლებში შევიდა, რითაც ტაივანი საგრძნობლად შეაშფოთა.

 ჩინური ხომალდების ესკადრამ წყნარი ოკენის მხრიდან იაპონიის კუნძულებს შემოუარა და შემდეგ ტაივანსა და ფილიპინებს შორის მდებარე ბაშის სრუტით პრატასის არქიპელაგისკენ გაცურა. ეს არქიპელაგი ტაივანის კონტროლის ქვეშ იმყოფება. Liaoning-ს თან ახლდნენ პროექტ  052C-ის  ორი ფრეგატი,  ერთი უფრო თანამედროვე  052D  პროექტის ფრეგატი,  ორი  054А  პროექტის ფრეგატი,  ერთი 056А  პროექტის ნავსაწინააღმდეგო კორვეტი  და  პროექტ  903А-ის ტექნიკური გემი.

 ჩინელები ირწმუნებიან,  რომ  აღნიშნულ  რაიონში  მათი  საპილოტაჟე  ჯგუფი სწავლებას გადის. იაპონელებმა  ჩინელებზე სამეთვალყუროდ თავიანთი საპატრულო  თვითმფრინავი  გამოუშვეს.  Liaoning-მა მაინც ყველაზე უფრო ტაივანი შეაშფოთა. მით უფრო,  რომ ჩინეთი უკმაყოფილოა ამერიკისა და ტაივანის მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობით.

 ჰააგის სარბიტრაჟო სასამართლომ დაადგინა, რომ ჩინეთს სამხრეთ ჩინეთის ზღვაშე არავითარი უფლება არ გააჩნია. მიუხედავად ამისა, ჩინეთი სადაო ტერიტორიებს ჩინეთის ისტორიულ  ნაწილად  მიიჩნევს. ამ ტერიტორიებზე პრეტენზიას ჩინეთის გარდა ტაივანი, ვიეტნამი, მალაიზია, ფილიპინები და ბრუნეი აცხადებენ. განსაკუთრებით მძაფრი უთანხმოებაა სკარბოროსა და სპრატლის არქიპელაგების გარშემო. იქ გაზისა და ნავთობის მდიდარი საბადოებია აღმოჩენილი.

 პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ჩინური ავიამზიდი Liaoning 1990 წლის 19 ივნისამდე „რიგას“ სახელით იყო ცნობილი. შემდეგ, 2012 წლის 25 სექტემბრამდე მას „ვარიაგი“ ერქვა. ხომალდი 1985 წელს ნიკოლაევის გემსაშენში საბჭოთა სამხედრო საზღვაო ფლოტისათვის ააგეს, მაგრამ სსრ კავშირის დაშლის შემდეგ იგი უკრაინას ერგო. 1998 წელს ხომალდი 25 მილიონ დოლარად ჩინეთს მიჰყიდეს, რომლებიც მასზე მცურავი კაზინოს განთავსებას აპირებდნენ . საბოლოოდ კი ჩინელებმა ავიამზიდი მიიღეს.