მნიშვნელოვანი სიახლეები
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კარიბის კრიზისის დროს დანაკარგები გაასაჯაროვა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კარიბის კრიზისის დროს დანაკარგები გაასაჯაროვა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 60-იან წლებში კარიბის კრიზისის დროს კუბაში დაღუპული საბჭოთა სამხედროების შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა. 1962 წლის 1 აგვისტოდან 1964 წლის 16 აგვისტომდე კუბაში 64 საბჭოთა მოქალაქე დაიღუპა.

55 წლის წინათ, 1962 წლის 9 სექტემბერს კარიბის ზღვაში მდებარე კუნძულზე საბჭოთა ბალისტიკური რაკეტები ჩაიტანეს. მოგვიანებით ეს რაკეთები ბირთვული ქობინებით აღჭურვეს. ამ ოპერაციას სახელად „ანადირი“ ერქვა. იგი თურქეთსა და იტალიაში ამერიკული რაკეტების განლაგების პასუხად განხორციელდა.

 როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, შეიარაღება და ტექნიკა შავი, ბარენცის და ბალტიის ზღვის ნავსადგურებში 1962 წლის ივლისში საიდუმლო ვითარებაში გემებზე დატვირთეს. კაპიტნებმა თავიანთი მარშრუტის საბოლოო წერტილის შესახებ გიბრალტარის გავლის შემდეგ  გაიგეს.

 1962 წლის ოქტომბერში კუბაზე განთავსებული ბალისტიკური რაკეტების პოზიციები ამერიკულმა მზვერავმა თვითმფრინავმა დააფიქსირა. ამან კარიბის კრიზისი გამოიწვია - „ცივი ომის“ პირობებში საბჭოთა კავშირსა და ამერიკას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გამწვავდა.

 ოპერაცია „ანადირის“ შედეგების მიხედვით ათასამდე სამხედრო ორდენებითა და მედლებით დაჯილდოვდა.

 დაღუპული საბჭოთა სამხედროების რიცხვი აქამდე ზუსტად არასდროს თქმულა. 70-იანი წლების ბოლოს კუბის დედაქალაქ ჰავანაში დაღუპულ საბჭოთა სამხედროებს მემორიალი გაუხსნეს. მემორიალის ადგილას 68 საბჭოთა სამხედროა დაკრძალული. მაგრამ მათი დაღუპვის ვითარება ჯერ კიდევ საიდუმლოდ რჩება.