რუსეთმა და საუდის არაბეთმა საზენიტო სისტემა С-400-ის და სხვა შეიარაღების შეძენის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალურ სამსახურზე დაყრდნობით ვრცელდება.
საუდის არაბეთს საზენიტო სარაკეტო სისტემა С-400-ის, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექს "კორნეტ- ემ"-ის, მძიმე ცეცხლსატყორცნი სიტემა ТОС-1А-ს, ავტომატური ყუმბარმტყორცნის АГС-30-ის და კალაშნიკოვის ავტომატების АК-103-ის შეძენა სურს.
შეთანხმებას საუდის არაბეთის მეფის სალმან იბნ-აბდელ აზიზის მოსკოვში ვიზიტის დროს მიაღწიეს. იმავე დროს ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც საუდის არაბეთში ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების "კორნეტის", თვითმავალი ცეცხლმტყორცნების ТОС-1А "ბურატინოს", ავტომატური ყუმბარმტყორცნების და ავტომატების წარმოებას ითვალისწინებს.
საუდის არაბეთი შესაძლოა საზენიტო სარაკეტო სისტემა С-400 "ტრიუმფის" მეოთხე მფლობელი აღმოჩნდეს. მანამდე მათი მიწოდების შესახებ ხელშეკრულებას ჩინეთთან და თურქეთთან მიაღწიეს. ინდოეთის შეიარაღების შესყიდვის საბჭომ მოიწონა С-400-ის ხუთი კომპლექტის შეძენის საკითხი,მაგრამ ხელშეკრულება ჯერ გაფორმებული არაა.