მნიშვნელოვანი სიახლეები
„სკაინეტი“ დრონების წინააღმდეგ (+ვიდეო)

„სკაინეტი“ დრონების წინააღმდეგ (+ვიდეო)

პენტაგონმა გადაწყვიტა მომაბეზრებელ უპილოტო აპარატებს თოფიდან ესროლოს. სროლა სპეციალური ვაზნის მეშვეობით მოხდება, რომელსაც ირონიულად SkyNet-ი უწოდეს.

მცირე ზომის უპილოტო საფრენი აპარატების პოპულარობა ტერორისტებსა და ბოროტმოქმედთა შორის საკმაოდ დიდია. ისინი დრონებს სადაზვერვო-დივერსიული საქმიანობისათვის იყენებენ. სანამ სხვადასხვა კომპანიები დრონებთან საბრძოლველად კომპლექსურ სისტემებს ქმნიან, აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალები მათთან საბრძოლველად ჩვეულებრივი თოფების გამოყენებას აპირებენ.

 ამისათვის უჩვეულო ვაზნა მოიფიქრეს. 12 კალიბრიან სპეციალურ ვაზნებს SkyNet Mi-5 ეწოდება. მათი გასროლა სტანდარტული Remington 870-დან შეიძლება. ვაზნა შედგება მასრისა, დენთის მუხტისა და სპეციალური ჭურვისგან, რომელიც გასროლის შემდეგ იყოფა და 2,2 მეტრი დიამეტრის ბადეს შლის.

 როგორც „სკაინეტის“ შემქმნელი კომპანია Advanced Ballistics Concepts-ის სპეციალისტები ირწმუნებიან, მათი ჭურვების გამოყენება უფრო ეფექტურია, ვიდრე ჩვეულებრივი საფანტით სროლა. აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ 600 SkyNet Mi-5 შეიძინა და მათ ორი სახეობის მულტიკოპტერებზე გამოცდის: ცხრა კილოგრამამდე წონის აპარატზე, რომელიც 400 მეტრამდე სიმაღლეზე დაფრინავს და 23 კილოგრამიან აპარატზე, რომლის ფრენის სიმაღლე კილომეტრს აღწევს.