მნიშვნელოვანი სიახლეები
ტაილანდმა უკრაინულ ტანკებზე უარი თქვა

ტაილანდმა უკრაინულ ტანკებზე უარი თქვა

ტაილანდის თავდაცვის სამინისტრომ ტანკ „ოპლოტის“ მიწოდების შესახებ ჯერ კიდევ 2011 წელს გაფორმებული ხელშეკრულება შეწყვიტა. უარის მიზეზი უკრაინის მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა გახდა.

ტაილანდის სამეფოს თავდაცვის მინისტრმა პრავიტ ვონგსუმონმა განაცხადა, რომ უკრაინა ტაილანდის არმიის გადაიარაღების საქმეში მთავარი ხელის შემშლელი გახდა. ამიტომაც მისი უწყება აღარ უგდებს ყურს უკრაინის მხარის თხოვნას კონტრაქტის ვადის გაგრძელების შესახებ.

ხელშეკრულებით უკრაინას „ოპლოტის“ ტიპის 54 ტანკი უნდა მიეწოდებინა. ეს ტანკები საბჭოური ტ-80-ის მოდერნიზირებულ ვერსიას წარმოადგენს. ხელშეკრულების ღირებულება 341 მილიონ დოლარს შეადგენდა. ხუთი წლის მანძილზე უკრაინელებმა მხოლოდ 20 ტანკის მიწოდება შეძლეს. 2015 წელს მალიშევის სახელობის სატანკო ქარხანას არცერთი ტანკი არ მიუწოდებია ტაილანდისათვის. უკრაინელები კონტრაქტის შესრულების საბოლო ვადის 2017 წლის ოქტომბრამდე  გადაწევას ითხოვდნენ, რაზეც ტაილანდმა უარი განაცხადა.

უკრაინულ „ოპლოტს“ ტაილანდელენი ჩინური  VT-4-ით ჩაანაცვლებენ. პეკინთან უკვე ხელშეკრულებაც გაფორმდა 28 ტანკის მიწოდებაზე, რაოდენობის შემდგომი გაზრდის პირობით.