მნიშვნელოვანი სიახლეები
ტაივანმა საკუთარი კონსტრუქციის რვა წყალქვეშა ნავის აგება გადაწყვიტა

ტაივანმა საკუთარი კონსტრუქციის რვა წყალქვეშა ნავის აგება გადაწყვიტა

ტაივანის ხელისუფლების განცხადებით იგი მთლიანად საკუთარი წარმოების პირველი რვა წყალქვეშა ნავის აგებას იწყებს. ეს დიზელზე მომუშავე წყალქვეშა ნავები იქნება.

ამჟამად  ტაივანს  ოთხი წყალქვეშა ხომალდი გააჩნია, რომლებიც საზღვარგარეთ არის შეძენილი და საკმაოდ მოძველებულები არიან. ორი მათგანი ნიდერლანდებშია დამზადებული, დანარჩენი ორი კი ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს აშშ-ში დაამზადეს.

ტაივანის სამხედრო საზღვაო ფლოტის სარდლის ლი ცუნსიაოს განცხადებით, წყალქვეშა ნავების დაპროექტება უკვე დაწყებულია და ისინი მწყობრში 10 წლის განმავლობაში ჩადგებიან.

ტაივანის სამხედრო უწყება ადრე იარაღს აშშ-ში ყიდულობდა, მაგრამ პეკინის პროტესტების გამო, ვაშინგტონმა გარკვეული შეზღუდვები დაუწესა. ამის გამო ტაივანმა შეიარაღების წარმოების ამოცანის ნაწილი თავის თავზე აიღო.

საკუთარი წყალქვეშა ნავების წარმოების გამოცდილება ტაივანს არა აქვს, მაგრამ სხვა სამხედრო ტექნიკას წარმატებით აწარმოებს. ასე მაგალითად, უკვე 30 წელია, რაც სახელმწიფო აეროკოსმოსური კომპანია AIDС-ი ფუნქციონირებს, რომელმაც  „ძინგოს“ ტიპის 130 გამანადგურებელი გამოუშვა. ამას გარდა კუნძულზე საკუთარ ზებგერით რაკეტებსაც აწარმოებენ.

ჩინეთს ტაივანი საკუთარი ტერიტორიის ნაწილად მიაჩნია და არაერთხელ დამუქრებია კუნძულს სამხედრო კონფლიქტით. თავის მხრივ ტაივანი ჩინეთის მთელ მატერიკულ ნაწილზე აცხადებს პრეტენზიას.

აშშ-ს ტაივანის სამხედრო დახმარება კანონით აქვს დაკისრებული.

ხუთშაბათს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი ერთმანეთს ფლორიდაში შეხვდებიან. განსახილველ საკითხებს შორის სამხრეთ ჩინეთის ზღვის მილიტარიზაციის საკითხიც იქნება.