მნიშვნელოვანი სიახლეები
უახლესი ბრიტანული  ავიამზიდი HMS Queen Elizabeth გამოცდებისათვის მზადაა

უახლესი ბრიტანული ავიამზიდი HMS Queen Elizabeth გამოცდებისათვის მზადაა

როგორც კომპანია BAE Systems-ი იტყობინება, ავიამზიდი HMS Queen Elizabeth  სრულიად მზადაა პირველი გამოცდებისათვის. ავიამზიდის სავალი გამოცდები ამა წლის მარტში უნდა დაწყებულიყო, მაგრამ დათქმული ვადისათვის ასაფრენ გემბანზე საფარი მზად არ აღმოჩნდა. ამას გარდა ძალოვანი დანადგარის სატესტო გაშვებებიც არ განხორციელებულა. სამაგიეროდ ახლა ყველაფერი გამოსწორდა და ხომალდი ზღვაში გასაშვებად მზადაა

როგორც დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, უკვე ამ წელს დაიწყება ხომალდის გამოცდების ფორმატში „5-1-5“ (ხუთი კვირა ზღვაში - ერთი ნაპირთან - ხუთი კვირა ზღვაში). უფროსი ლეიტენანტის ბობ ჰოკინსის თქმით (იგი ავიამზიდზე მსახურობს) ხომალდის ყველა სისტემა შემოწმებულია და საშტატო რეჟიმში მუშაობს.

სავალ გამოცდებთან ერთად საფრენოსნო ტესტებიც ჩატარდება. პირველი საფრენი აპარატი რომელიც HMS Queen Elizabeth-ის ბორტზე დაჯდება, ვერტმფრენი Merlin-ი იქნება. ამის შემდეგ ავიამზიდი უკვე უფრო მძიმე საფრენ აპარატებსაც მიიღებს. ამას გარდა, გამანადგურებელ-ბომბდამშენ  F-35B-ის დაფრენის-აფრენის შესაძლებლობებსაც შეამოწმებენ.

 HMS Queen Elizabeth  დიდი ბრიტანეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის ორი უახლესი ავიამზიდიდან პირველია. ხომალდი ამა წლის ბოლოსათვის უკვე მზად უნდა იყოს, ხოლო სრულ საბრძოლო მზადყოფნაში 2020 წლისათვის უნდა ჩადგეს. ხომალდის ავიაფრთა შედგება გამანადგურებლ-ბომბდამშენ F-35B Lightning II-ის და ვერტმფრენ  Merlin-ებისგან. მას საჭიროების შემთხვევაში კონვერტოპლან V-22 Osprey-ს მიღებაც შეეძლება.