მნიშვნელოვანი სიახლეები
უკრაინის განცხადებით რუსეთმა შავ ზღვაში მის სამხედრო თვითმფრინავს ცეცხლი გაუხსნა

უკრაინის განცხადებით რუსეთმა შავ ზღვაში მის სამხედრო თვითმფრინავს ცეცხლი გაუხსნა

უკრაინამ შავი ზღვის თავზე მისი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავისათვის ცეცხლის გახსნაში რუსეთს ბრალი დასდო.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა სტეპან პოლტორაკმა „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ თვითმფრინავი  AN-26-ს უკრაინის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში სავარჯიშო ფრენისას ცეცხლი გაუხსნეს.

მისი სიტყვებით ეს ოდესის  გაზის საბადოს რაიონში მოხდა. ადრე იქ მდებარე საბურღი დანადგარები რუსეთმა თავისი კონტროლის ქვეშ მოაქცია.

თვითმფრინავის აეროდრომზე დაბრუნების შემდეგ მის კორპუსზე სამ სანტიმეტრიანი ნატყვიარი აღმოჩნდა.

„სროლის შედეგად თვითმფრინავმა დაზიანება მიიღო, ეკიპაჟი გადარჩა, AN -26-მა განაგრძო დავალების შესრულება“, - დაწერა პოლტორაკმა.

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბში განაცხადეს, რომ უკრაინის თვითმფრინავმა პროვოკაციული ფრენები შავ ზღვაში რუსეთის საბურღ კოშკების თავზე მოაწყო. მისი მისამართით სასიგნალო პისტოლეტიდან ოთხი გასროლა განხორციელდა, რომლებიც თვითმფრინავისათვის ზიანის მომტანი არ იყო.