მნიშვნელოვანი სიახლეები
უპილოტო ავტომობილები სამხედროებსაც სჭირდებათ

უპილოტო ავტომობილები სამხედროებსაც სჭირდებათ

სანამ Tesla და Google ერთმანეთს ასწრებენ ავტოპილოტის დამზადებაში, თავდაცვითი კომპანია Lockheed Martin-ი ჩუმად და წარმატებით  მუშაობდა უპილოტო ყველგანმავალზე, რომელიც სამხედროებს „სიცოცხლის გადასარჩენად“ სჭირდებათ, თანაც ორიგინალური ხერხით.

მართალია უპილოტო სამხედრო ყველგანმავალს მთლად დამოუკიდებლად გადადგილება არ შეუძლია, მაგრამ Lockheed Martin-ის ინჟინრების განცხადებით იგი თავის მთავარ ფუნქციას - გადაარჩინოს სიცოცხლე, სავსებით წარმატებით ასრულებს. აქ ლაპარაკია სამხედროების სიცოცხლეზე: მათ სახიფათო დავალებებს ავტომობილი შეასრულებს.

ქვეითთა მხარდამჭერი ყველგანმავალი (Squad Mission Support System) უპილოტო სატრანსპორტო საშუალებაა, რომელიც სიგრძეში ექვსი მეტრია და ექვსი ბორბალი აქვს. ნახევარტონიან მანქანას 550 კილოგრამი ტვირთის გადატანა 200 კილომეტრ მანძილზე შეუძლია. გადამწოდების მეშვეობით იგი წინასწარ ცნობილი მარშრუტით გადაადგილდება. ამას გარდა, მას შეუძლია სატრანსპორტო საშუალებას უკან მიჰყვეს და დაბრუნდეს იმავე მარშრუტით.

 SMSS-ი გადაადგილდება როგორც ავტონომიურად, ისე დისტანციური მართვის რეჟიმშიც. ამ დროს მისი მართვა თანამგზავრული სისტემების მეშვეობით ხორციელდება. ყველგანმავალი ავღანეთში გამოსცადეს. ტვირთის გადატანის გარდა იგი სხვა დავალებებსაც ასრულებდა: ზვერავდა მიდამოს და თვითნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობებს უვნებელყოფდა.

ახლა Lockheed Martin-ი უპილოტო ყველგანმავლების მთელი სერიის გამოშვებას აპირებს. მათ საბრძოლო მასალების ბრძოლის წინა ხაზზე მიტანა და ავტონომიური პატრულირება შეეძლებათ.