მნიშვნელოვანი სიახლეები
წყნარ ოკეანეში 1945 წელს ჩაძირული კრეისერი „ინდიანაპოლისი“ იპოვეს

წყნარ ოკეანეში 1945 წელს ჩაძირული კრეისერი „ინდიანაპოლისი“ იპოვეს

ამერიკული მძიმე კრეისერის „ინდიანაპოლისის“ ნამსხვრევები წყნარ ოკეანეში 72 წლის შემდეგ აღმოაჩინეს.

ხომალდი იაპონურმა წყალქვეშა ნავმა ჩაძირა. იგი 5,5 კილომეტრის სიღრმეზე ძევს. მისი ზუსტი ადგილსამყოფელი ჯერჯერობით საიდუმლო ინფორმაციას წარმოადგენს.

„ინდიანაპოლისი“ 1945 წლის 30 ივლისს დაიღუპა, როცა თავისი საიდუმლო მისიის შესრულების შემდეგ უკან ბრუნდებოდა. მან ატომური ბომბის ელემენტები ადგილზე ჩაიტანა. ეს ბომბი შემდგომში ჰიროსიმაზე გამოიყენეს.

კრეისერის ბორტზე 1200 მეზღვაური იმყოფებოდა. მათგან მხოლოდ 316 ადამიანი გადარჩა. ეს ამერიკული ფლოტის ისტორიაში ყველაზე დიდი დანაკარგი და პირადი შემადგენლობის ყველაზე მასიური მსხვერპლია.

„ინდიანაპოლისს“ იაპონურმა წყალქვეშა ნავმა ტორპედო ფილიპინების ზღვაში ესროლა. ხომალდი 12 წუთში ჩაიძირა. ამის გამო კრეისერის ადგილსამყოფელი დიდი ხანი უცნობი იყო.

300 მეზღაური ხომალდთან ერთად ჩაიძირა. დანარჩენები გაუწყლოვნების, ჰალუცინაციების და ზვიგენების მსხვერპლი გახდა. ვინაიდან ამერიკულ სამხედრო ბაზებს უბედურების სიგნალი არ მიუღიათ, გადარჩენილები მხოლოდ ოთხი დღის შემდეგ აღმოაჩინეს.

კრეისერის ნამსხვრევები 13 სამოქალაქო მკვლევარისგან შემდგარმა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომელთაც კომპანია Microsoft-ის თანადამფუძნებელი პოლ ალენი ხელმძღვანელობდა. მან აღმოჩენას ისტორიული უწოდა.