მნიშვნელოვანი სიახლეები
700 წლის წინათ გარდაცვლილი ადამიანის ფოტო

700 წლის წინათ გარდაცვლილი ადამიანის ფოტო

ეს მართლაც ფოტოს ჰგავს, მაგრამ სინამდვილეში რეალისტური გამოსახულებაა, რომელიც 700 წლის წინათ გარდაცვლილ ადამიანს განეკუთვნება. მეცნიერები, რომელთაც სახის რეკონსტრუქცია განახორციელეს ამბობენ, რომ ეს შუა საუკუნეების ინგლისში მცხოვრები უბრალო ადამიანების შესახებ ახალ ინფორმაციას მოგვაწვდის.

 მე-13 საუკუნეში მცხოვრები მამაკაცი, რომელმაც ოფიციალური სახელი “Context 958” მიიღო, ერთ-ერთია იმ 400 მიცვალებულიდან, რომელიც კემბრიჯში, წმინდა იოანეს კოლეჯის ძველი თეოლოგიური ფაკულტეტის ტერიტორიაზეა დაკრძალული. საფლავები 2010-2012 წლებში აღმოაჩინეს. შუა საუკუნეებში ამ ადგილას წმინდა იოანეს საავადმყოფო, ხოლო მის უკან კი სასაფლაო მდებარეობდა.

 Context 958-ის რეკონსტრუქციით კემბრიჯის უნივერსიტეტის არქეოლოგიის ფაკულტეტი და დანდის უნივერსიტეტთან არსებული  ანატომიისა და ადამიანთა იდენტიფიკაციის ცენტრი იყვნენ დასაქმებულნი.

Context 958 სიკვდილის მომენტისათვის 40 წლის იყო. ჩონჩხს მუდმივი და მომქანცველი მუშაობის კვალი ეტყობოდა. გარდაცვლილის კბილის ემალმა ზრდა ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში შეწყვიტა  და შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მან ამ პერიოდში შიმშილისა და ავადმყოფობები გადაიტანა. არქეოლოგებმა ასევე ბლაგვი საგნით მიყენებული ტრავმებიც აღმოაჩინეს, რომლებიც სიკვდილის დროისათვის უკვე მოშუშებული იყო. მეცნიერებს გარდაცვლილის საქმიანობაზე ზუსტი პასუხის გაცემა უჭირთ. კბილებზე არსებული კვალის მიხედვით მისი დიეტა საკმაოდ მრავალფეროვანი, თევზითა და ხორცით მდიდარი იყო. მაგრამ იმის გამო, რომ Context 958-ის დაკრძალვა ღარიბთა სასაფლაოზე მოხდა, ეს იმას ნიშნავს, რომ სიცოცხლის ბოლოს იგი გაღარიბდა და მასზე აღარავინ ზრუნავდა.

 „ისტორიული ქრონიკები და ჩანაწერები მხოლოდ შეძლებულ ადამიანებზე ლაპარაკობენ, ასევე ფინანსურ და იურიდიულ ხელშეკრულებებზე. რაც ნაკლები ფული აქვს ადამიანს, მით ნაკლები შანსია, რომ იგი ვინმემ სადმე მოიხსენიოს“, - ამბობს კვლევის ხელმძღვანელი არქეოლოგიის პროფესორი ჯონ რობი. – „ამიტომ ჩონჩხები შუა საუკუნეების უბრალო ადამიანებზე ინფორმაციის გაგების ჩვენი ერთადერთი რესურსია“.

 ამჟამამდ მეცნიერები ყოფილი სასაფლაოს ტერიტორიაზე აღმოჩენილ ყველა ჩონჩხს სწავლობენ და უბრალო ადამიანების ბიოგრაფიის დადგენას ცდილობენ.