მნიშვნელოვანი სიახლეები
ბრილიანტი „ვარდისფერი ვარსკვლავი“ 71 მილიონ დოლარად გაიყიდა

ბრილიანტი „ვარდისფერი ვარსკვლავი“ 71 მილიონ დოლარად გაიყიდა

უიშვიათესი ბრილიანტი „ვარდისფერი ვარსკვლავი“ აქამდე  აუქციონზე გაყიდული ყველაზე ძვირფასი ქვა გახდა: 59,6 კარატიანი ქვა ჰონკონგში Sotheby's აუქციონზე 71 მილიონ დოლარად გაიყიდა.

აუქციონის სახლის ინფორმაციით  მყიდველი ჰონკონგური ფირმა Chow Tai Fook Jewellery-ა. ვაჭრობამ სულ ხუთ წუთს გასტანა.

რეკორდული არა მხოლოდ ბრილიანტში გადახდილი თანხა, არამედ მისი ზომაც გახდა. „ვარდისფერი ვარსკვლავი“ აუქციონების ისტორიაში ყველაზე დიდი გაყიდული ვარდისფერი ბრილიანტია.

ქვა სამხრეთ აფრიკაში 1999 წელს ფირმა De Beers-ის კუთვნილ საბადოზე  მოიპოვეს. მისი სასტარტო ფასი 56 მილიონი დოლარი იყო. დაუმუშავებელი იგი 132,5 კარატი იყო.

 2013 წელს ჟენევაში „ვარდისფერი ვარსკვლავი“ ერთხელ უკვე გაიყიდა 83 მილიონ დოლარად, მაგრამ იმის გამო რომ მყიდველმა დროულად ვერ შემოიტანა თანხა, გარიგება არ შედგა.

 ჰონკონგის აუქციონამდე ფასის რეკორდი „ცისფერ ოპენჰეიმერს“ ეკუთვნოდა, რომელიც  გასული წლის მაისში 50 მილიონად გაიყიდა.

2015 წლის ნოემბერში ბრილიანტი „ცისფერი მთვარე“ ჰონკონგელმა მაგნატმა  ჯოზეფ ლოუმ 48,4 მილიონად შეიძინა. ბიზნესმენმა იგი თავის შვიდი წლის ქალიშვილს აჩუქა და სახელი გადაარქვა - მას ახლა „ჯოზეფინას ცისფერი მთვარე“ უწოდა.

2015 წლის მაისში მტრედის სისხლისფერი 25,6 კარატიანი „აისის ლალი“ 30 მილიონ დოლარად გაიყიდა და ამით აუქციონზე გაყიდული არაბრილიანტებიდან ყველაზე ძვირის სახელი მოიპოვა.

 2013 წლის ნოემბერში Christie's აუქციონზე 35 მილიონ დოლარად ყველზე ძვირფასი ნარინჯისფერი ბრილიანტი გაიყიდა. მისი პროპორციული ღირებულება კვლავაც რეკორდულია: მისი ყოველი კარატის ღირებულება 2,4 მილიონი დოლარია.

 2010 წლის ნოემბერში მუქი ვარდისფერი ბრილიანტი ბრიტანელმა არტ-დილერმა ლოურენს გრაფმა 46,2 მილიონ დოლარად შეიძინა. ქვას ამის შემდეგ „ვარდისფერი გრაფი“ ეწოდა.