მნიშვნელოვანი სიახლეები
ბრიტანელი მგზავრები მატარებლით გადაადგილებას მალე თითების ანაბეჭდებით შეძლებენ

ბრიტანელი მგზავრები მატარებლით გადაადგილებას მალე თითების ანაბეჭდებით შეძლებენ

ბრიტანეთის რკინიგზით სარგებლობა მალე ფანტასტიკურ ფილმს დაემსგავსება. მატარებელში ჩასხდომის პროცესის დასაჩქარებლად თითების ანდა თვალის ფერადი გარსის ანაბეჭდების აღებას აპირებენ.

Rail Delivery Group, რომელიც ბრიტანეთის სარკინიგზო ოპერატორებს აერთიანებს, ჩვეულებრივი ბილეთების გაუქმებას და ბიომეტრული ტექნოლოგიების დანერგვას აპირებს. რკინიგზელებს მიაჩნიათ, რომ მგზავრების კონტროლის ახალი  სისტემა მათი გადაყვანის პროცესს დააჩქარებს და დარგს რადიკალურად შეცვლის.

 ამჟამად მგზავრების ბიომეტრული მონაცემების წამკითხავი პროგრამული უზრუნველყოფა უკვე შემუშავებულია. შემდეგ ეტაპზე სმარტფონისათვის აპლიკაციის შექმნაა დაგეგმილი, რომელიც კლიენტის შესახებ ინფორმაციას Bluetooth-ის მეშვეობით გადასცემს და პლატფორმაზე გასასვლელ ტურნიკეტს გახსნის. ახალი ტექნოლოგიის ტესტირება ლონდონისა და ოქსფორდის დამაკავშირებელ ხაზზე მოხდება.

Rail Delivery Group-ი შემდგომში სისტემის გაუმჯობესებას გეგმავს, რომლის დროსაც ტურნიკეტის გასავლელად სმარტფონი საჭირო აღარ იქნება.

სახეების ამომცნობი სისტემები უკვე გამოიყენება დიდი ბრიტანეთის და სხვა ქვეყნების ზოგიერთ აეროპორტში. მაგალითად ავსტრალიის ხელისუფლება 2020 წლისათვის მგზავრთა 90%-ის შემოწმებას ავტომატურ რეჟიმში აპირებს. ახლახანს კი მსგავსი ინიციატივით ამსტერდამის აეროპორტიც გამოვიდა.