მნიშვნელოვანი სიახლეები
ჩერნობილში პირველი ჰოსტელი ამუშავდა

ჩერნობილში პირველი ჰოსტელი ამუშავდა

უკრაინის ქალაქ ჩერნობილში პირველი ჰოსტელი გაიხსნა. ამის შესახებ უკრაინის განრიდების ზონის მართვის სააგენტო იუწყება. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის განრიდების ზონის სტუმრებს კიროვის ქუჩაზე მდებარე ყოფილ საერთო საცხოვრებელ „პოლესიეში“ უმასპინძლებენ.

უწყების განცხადებით ობიექტი 100 სტუმარზეა გათვლილი. სტუმრები კომფორტულად და მოხერხებულად განთავსდებიან. მათ განკარგულებაში იქნება საჭირო ავეჯი, ტელევიზორები, ინტერნეტი საშხაპე კაბინები და ტუალეტი.

1986 წელს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის შემდეგ სადგურის გარშემო ტერიტორია საცხოვრებლად უვარგისად სცნეს. განრიდების ზონაში ხანმოკლე სტუმრობა მხოლოდ უკრაინის ხელისუფლების ნებართვით შეიძლება. საერთაშორისო კონტროლისა და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად  იქ მეცნიერები, ექსპერტები და ჟურნალისტები ჩადიან. ტერიტორიაზე ასევე ექსკურსიებიც ეწყობა. ჩერნობილის ზონას ყოველწლიურად ათასობით ტურისტი სტუმრობს.