მნიშვნელოვანი სიახლეები
„ევროვიზიის“ორგანიზატორების განცხადებით რუსეთი კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებს

„ევროვიზიის“ორგანიზატორების განცხადებით რუსეთი კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებს

მაუწყებელთა ევროპულმა კავშირმა (EBU) განაცხადა, რომ რუსეთი „ევროვიზია 2017“-ში მონაწილეობას ვერ მიიღებს. მიზეზი პირველი არხის მიერ შოუს ტრანსლირებაზე უარის თქმა გახლავთ.

მას შემდეგ, რაც უკრაინის ხელისუფლებამ მომღერალი იულია სამოილოვა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კიევში არ შეუშვა, მაუწყებელთა ევროპულმა კავშირმა ტელეარხს მომღერლის შორიდან მონაწილეობა, ანდა სხვა მომღერლით შეცვლა შესთავაზა.

პირველმა არხმა ორივე წინადადება უარყო და ხუთშაბათს განაცხადა, რომ  „ევროვიზიის“ ტრანსლირებას არ აპირებს.

 „სამწუხაროდ ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი წელს კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებს“, - განაცხადეს EBU-ში.

„ჩვენ ვთვლით, რომ უკრაინის მხარემ ქვეყანაში ჩასვლაზე  სრულიად უსაფუძვლოდ განუცხადა უარი მომღერალს. უკრაინას სურს კონკურსის პოლიტიზირება. არადა კონკურსის მთელი 62 წლიანი ისტორიის მანძილზე ხალხების გაერთიანება იყო“, - განაცხადა რუსეთის პირველი არხის საზოგადოებრივი ურთიერთობების დირექციის ხელმძღვანელმა ლარისა კლიმოვამ.

მარტის ბოლოს უკრაინის უშიშროების სამსახურმა სამი წლით აუკრძალა სამოილოვას უკრაინაში ჩასვლა. მიზეზი „სამოილოვას მიერ უკრაინის კანონმდებლობის დარღვევა“ გახდა.