მნიშვნელოვანი სიახლეები
გერმანიაში ქარვის ოთახის მოსაძებნად გათხრებს იწყებენ

გერმანიაში ქარვის ოთახის მოსაძებნად გათხრებს იწყებენ

გერმანულ ტიურინგიაში ქარვის ოთახის დამარხვის სავარაუდო ადგილას არქეოლოგებმა გათხრები დაიწყეს. ამის შესახებ ადგილობრივი პრესა იუწყება. მიწის სამუშაოები ქალაქ ნორდჰაუზენის მახლობლად, კონშტაინის მთასთან წარმოებს.

ამ რაიონში მესამე რაიჰის დროს მიწისქვეშა საიდუმლო ქარხანა „მიტელვერქი“ ფუნქციონირებდა, რომელშიც რაკეტებს აწარმოებდნენ. ქარხანაში საკონცენტრაციო ბანაკ დორა-მიტელბაუს პატიმრები მუშაობდნენ. სწორედ გადარჩენილი პატიმრების მოგონებები დაედო საფუძვლად ამ ადგილზე მეცნიერთა კვლევას.

ერთ-ერთი პატიმრის სიტყვებით 1945 წლის აპრილში მან დაინახა ვერმახტის ჯარისკაცები როგორ მარხავდნენ მიწაში ვეებერთელა კონტეინერებს. სავარაუდოთ მათში ქარვის ოთახი იყო მოთავსებული. ქარვის ოთახი ომის ბოლო თვეებში კენიგსბერგიდან წამოიღეს.

პოლონელი არქეოლოგების აზრით კი ქარვის ოთახი პოლონეთის ქალაქ პასლენკის ახლოს მდებარე ციხე-დარბაზში არის დამალული. პოლონეთში გათხრები წელს ზაფხულს უნდა დაწყებულიყო.

 გერმანულმა არმიამ ქარვის ოთახი ცარსკოე სელოს სასახლიდან 1941 წელს გაიტანა კენიგსბერგში. ქარვის პანოები აღმოსავლეთ პრუსიის დედაქალაქში მდებარე სამეფო სასახლეში განათავსეს. ვერმახტის უკანდახევის დროს 1945 წლის გაზაფხულზე ქარვის ოთახი უკვალოდ გაქრა. გადამალვის შესაძლო ადგილებად ასახელებენ დღევანდელ კალინინგრადის ოლქს რუსეთში, გერმანიას, პოლონეთს და ჩეხეთს.