მნიშვნელოვანი სიახლეები
იტალიაში მიწისძვრის შედეგებს კატასტროფული უწოდეს

იტალიაში მიწისძვრის შედეგებს კატასტროფული უწოდეს

იტალიის მარკეს რეგიონის ხელმძღვანელობამ ოთხშაბათს მომხდარ მიწისქვეშა ბიძგების სერიას „კატასტროფული“ უწოდა და დახმარება ითხოვა.

ოთხშაბათს დილას იტალიის ლაციოს, მარკეს და აბრუცის რეგიონებში ოთხი ძლიერი ბიძგი მოხდა, რომელთა მაგნიტუდა 5-ზე მეტი იყო. ბიძგებმა თოვლის ზვავი და მეწყერი გამოიწვია. მიწისძვრის შედეგად მარკეს რეგიონში რამდენიმე ათასი მოსახლე ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, ხოლო რამდენიმე სოფელი მთლიანად მოწყდა გარე სამყაროს.

 აბრუცის რეგიონში ქალაქ ტერამოში მიწისძვრის შედეგად ერთი - 83 წლის მოხუცი მამაკაცია გარდაცვლილი. მიწისძვრა ძლიერი თოვლის შემდეგ მოხდა. ბიძგების გამო დედაქალაქ რომში მეტრო გაჩერდა.

 იტალიის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ინსტიტუტმა ოთხშაბათს აბრუცისა და ლაციოში 200-მდე მიწისქვეშა ბიძგები დააფიქსირა, რომელთა მაგნიტუდა 2-ს აღემატებოდა.

აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის ცნობით მიწისძვრის ეპიცენტრი მცირე სიღრმეზე - 6,9-დან 9 კილომეტრამდე მდებარეობდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მცირე სიმძლავრის ბიძგებიც კი შესაძლოა დამანგრეველი აღმოჩნდეს.