მნიშვნელოვანი სიახლეები
კათოლიკურ აღდგომას რატომ მოაქვს კვერცხები კურდღელს?

კათოლიკურ აღდგომას რატომ მოაქვს კვერცხები კურდღელს?

ევროპულ კათოლიკურ ტრადიციაში სააღდგომო კვერცხები კურდღელს მოაქვს. როგორც ვარაუდობენ კურდღელი ძველგერმანულ კულტებში სიცოცხლის აღორძინების და ნაყოფიერების ქალღმერთ ოსტარასთან ასოცირდება. აქედანვე წარმოსდგება აღდგომის გერმანული სახელწოდებაც - Ostern.  კვერცხი როგორც სიცოცხლის სინონიმი და კურდღელი როგორც ნაყოფიერი ცხოველი, დედა-ქალღმერთის წარმოგზავნილის როლს ასრულებდა. ისინი დიდი ხნის მანძილზე ერთმანეთს გადაეჯაჭვნენ და ტრადიციად ჩამოყალიბდნენ. მათ განდევნეს სხვა ვარიანტები - მაგალითად გუგული, მამალი ანდა მელია. ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, რომელმაც ჩვენამდე ფრაგმენტების სახით მოაღწია, ქალღმერთმა თავად გადააქცია თავისი თანამგზავრი ფრინველი კურდღლად. ცხოველმა გარეგნობა კი შეიცვალა, მაგრამ კვერცხის დებას ვერ გადაეჩვია.

 პირველად სააღდგომო ტრადიცია დოკუმენტურად 1682 წელს გერმანელმაფიზიკოსმა გეორგ ფრანკ ფონ ფრანკენაუმ აღწერა. ტრაქტატში „სააღდგომო კვერცხების შესახებ“ იგი ჰყვება ტრადიციის შესახებ, რომელსაც გერმანიის რამდენიმე მიწაზე დიდებიც და პატარებიც იცავენ. კურდღელი მოხერხებულ, საიდუმლო სტუმრად ითვლებოდა, რომელიც კვერცხებს სხვადასხვა ადგილებში მალავდა, ხოლო ბავშვები მას ეძებდნენ და პოულობდნენ ბალახებში ბუჩქებში და სხვა ადგილებში. გერმანულ ოჯახებში ეს ტრადიცია დღესაც პრაქტიკულად უცვლელად არის შემონახული.

 მართალია სააღდგომო კვერცხების ისტორია წარმართულ ხანაში იღებს სათავეს, ქრისტიანული რელიგიისათვის კურდღელსაც აქვს სიმბოლური მნიშვნელობა. ბიზანტიაში კურდღელი ქრისტეს ერთ-ერთი სიმბოლო იყო. შემდგომში კურდღელი ასოცირდებოდა იმ დაუცველ მორწმუნეებთან, რომლებიც მხოლოდ უფლის წყალობის იმედად რჩებოდნენ.