მნიშვნელოვანი სიახლეები
ლეგენდა ფრანცისკ ასიზელის შესახებ ნაწილობრივ დადასტურდა

ლეგენდა ფრანცისკ ასიზელის შესახებ ნაწილობრივ დადასტურდა

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ძველი ტომრის შიგთავსი, ცხოველთა დამცველ კათოლიკე ბერის -  ფრანცისკ ასიზელის შესახებ შუასაუკუნეების ლეგენდას ადასტურებს.

როგორც ლეგენდა გადმოგვცემს, ტომარა იტალიის სამხრეთში, მონტელის მახლობლად მდებარე ფოლონის მონასტრის კარზე 1224 წელს აღმოჩნდა. მასში პური იდო, რომელიც წმინდა ფრანცისკმა საფრანგეთიდან გამოუგზავნა მონასტერს. დიდთოვლობის გამო მონასტერი გარე სამყაროს მოწყვეტილი იყო და ამის გამო ბერები შიმშილობდნენ.

 იმ ღამით ბერებმა კარზე კაკუნი გაიგონეს. როცა კარების  გააღეს, ზღურბლზე ტომარაში ჩადებული პური აღმოაჩინეს. ტომარაზე შროშანი იყო გამოსახული - საფრანგეთის სამეფოს ნიშანი. ბერების აზრით მათ წმინდა ფრანცისკ ასიზელმა ეს ტომარა ანგელოზის ხელით პირდაპირ საფრანგეთიდან გამოუგზავნა.

 მას შემდეგ ტომარა მონასტერში ინახება. კერძოდ მას ეკლესიაში საკურთხევლის მოსართავად იყენებდნენ, სანამ ტომარამ დაშლა არ დაიწყო. დღეისათვის ტომრის ქსოვილის ნაჭრები რელიქვიის სახით მონასტრის სალოცავში ინახება.

 დანიელი, იტალიელი და ჰოლანდიელი მეცნიერების ჯგუფმა  ტომრის ფრაგმენტი შეისწავლა და დაადასტურა, რომ მისი ასაკი  1220-1295 წლებს განეკუთვნება.

 მეცნიერთა გუნდს სამხრეთ დანიის უნივერსიტეტის ადიუნკტ-პროფესორი  კაარე ლუნდ რასმუსენი ხელმძღვანელობდა. იგი არქეოლოგიურ ანალიზზე დახელოვნებილი ქიმიკოსია.

 მკვლევარებს ასევე მიაჩნიათ, რომ ტომარაში მართლაც იდო პური - ქსოვილზე ერგოსტერონის კვალი აღმოჩნდა. ეს ნივთიერება საფუარში გვხვდება.

 მეცნიერებმა ვერ ახსნეს თუ როგორ მოხვდა ტომარა მონასტრის კართან. მათ მიაჩნიათ, რომ ეს უფრო "რწმენის საკითხია, ვიდრე მეცნიერების".

 "სამეცნიერო ხერხებს არ შეუძლიათ დაადასტურონ, ანდა უარჰყონ ლეგენდები. ერთადერთი რაც მათ შეუძლიათ, ეს ობიექტის იდენტიფიცირება მოახდინონ, ანდა ფიზიკურ და ქიმიურ მტკიცებულებათა ლეგენდასთან შესაბამისობა აჩვენონ", - ამბობენ მკვლევარები.