მნიშვნელოვანი სიახლეები
მეცნიერთა ვარაუდით მასშტაბურ წყალდიდობას უკვე 2050 წლისათვის უნდა ველოდოთ

მეცნიერთა ვარაუდით მასშტაბურ წყალდიდობას უკვე 2050 წლისათვის უნდა ველოდოთ

სანაპირო ზოლში მცხოვრები მილიონობით ადამიანი იძულებული იქნება თავისი საცხოვრებელი მიატოვოს. მთელს მსოფლიოში მყინვარები სწრაფად ქრებიან და მსოფლიო ოკეანეს ავსებენ და ეს მოვლენა „მსოფლიო შეშფოთების“ მიზეზი უნდა გახდეს.

ამგვარი აზრი არის გატარებული ბოულდერის კოლორადოს უნივერსიტეტის დოქტორის ტვილ მუნის სტატიაში. მისი ვარაუდით მყინვარების დნობის გამო ადამიანები არა მხოლოდ საცხოვრებელს დაკარგავენ, არამედ ველურ ბუნებასაც მიადგება ზიანი.

აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის განცხადებით XX საუკუნეში გლეიშერის ეროვნულ პარკში 120-მდე მყინვარი გადნა. დოქტორ მუნის თქმით, მსგავსი პრეცენდენტებია მთელ მსოფლიოში. „დედამიწა ყინულს კარგავს. დანაკარგი აუნაზღაურებელია და კლიმატის ანთროპოგენული ცვლილების შედეგია“, - წერს მუნი.

იგი გვაფრთხილებს, რომ თუკი სათანადო ზომები არ იქნება მიღებული რათა პროცესი შებრუნდეს, „ჩვენ დავინახავთ თუ როგორ აღმოჩნდება მაიამი წყალქვეშ“. მისი სიტყვებით სანაპირო ინფრასტრუქტურის განადგურება ათწლეულები და ასწლეულები გაგრძელდება.

კლიმატური მოდელების მიხედვით 25 წელიწადში შვეიცარიის მყინვარების 52% გადნება. დასავლეთი კანადა კი 2100 წლისათვის თავისი მყინვარების 70 პროცენტს დაკარგავს.

მუნი დარწმუნებულია, რომ ყინულის დნობა საერთაშორისო ინტერესს უნდა იწვევდეს: „ ზღვის დონის მატება გადამწყვეტ როლს შეასრულებს - მილიონობით ადამიანი იძულებული გახდება სახლ-კარი მიატოვოს“. მეცნიერის გაანგარიშებით ეს 100 და 200 წლის მერე კი არა, უკვე უახლოესი 50 წლის განმავლობაში მოხდება.

დაზარალდება ასევე  ველური ბუნება: მყინვარები წყლის მნიშვნელოვან წყაროებს წარმოადგენენ, ისინი დიდ მონაწილეობას იღებენ პლანეტაზე წყლისა და ჰაერის ცირკულაციის სისტემაში. ისინი ფლორასა და ფაუნისათვის საკვები ნივთიერებების მთავარ მიმწოდებლებს წარმოადგენენ,  ასევე უნიკალური ლანდშაფტების „არქიტექტორებიც“ არიან.

დოქტორ მუნის განმარტებით ადამიანებს არც თუ ისე ბევრი დრო აქვთ და ამიტომაც, მყინვარების დნობაზე დროული რეაქცია მსოფლიოს დიდი საპორტო ქალაქების შემდგომ ბედზე დიდ გავლენას იქონიებს. ადამიანთა შემდგომ ქცევაზეა დამოკიდებული თუ როდის დაიტბორება ეს ქალაქები 2050-ში, 2150-ში  თუ საერთოდ არასდროს.