მნიშვნელოვანი სიახლეები
მომაკვდინებელი სამკაული

მომაკვდინებელი სამკაული

არქეოლოგებმა შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრე კაპე კალიაკრაში, ბულგარეთში შავი ზღვის ნაპირა ქალაქ კავარნაში, ძველი ბულგარული ბეჭედი იპოვეს. ეს განსაკუთრებული არტეფაქტია, რადგან ეს თითქოსდა უვნებელი ნივთი, მომაკვდინებელი იარაღი იყო.

ბეჭედი 2012 წელს იპოვეს, რომელსაც პატარა ნახვრეტი აქვს. იქ სადაც ჩვეულებრივ ძვირფას ქვას დებენ. ნახვრეტი საკმარისი იყო შხამის რამოდენიმე მომაკვდინებელი წვეთის ჩასასხმელად.

„ეჭვი არ მეპარება ბეჭედს მარჯვენა ხელზე იკეთებდნენ, რადგან ასე შესაძლებელი იქნებოდა ნახვრეტის თითით დამალვა და ხშამის სასმელში ჩაწვეთება, რომ ვერავის შეემჩნია.“ ამბობს სოფიას მუზეუმისა და ნაციონალური არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი ბონი პეტრუნოვა.

მსგავსი ბეჭედი პირველად აღმოაჩინეს ბულგარეთში და მისი პოვნის ადგილიც არისტოკრატთა საცხოვრებელთან იყო. ეს მიანიშნებს, რომ მე-14 საუკუნეში პოლიტიკურად მოტივირებული მკვლელობები ხდებოდა. იმ პერიოდის ბულგარეთში ადგილობრივ ფეოდალსა და მის ვაჟს ივანკო ტერტერს სხვა ადგილობრივ დიდებულებთან უთანხმოებები ჰქონდა.

თუმცა, როცა ბეჭედი პირველად იპოვეს ვარაუდობდნენ, რომ ის შხამს თვითმკვლელობის მიზნით შეიცავდა. ცნობილი ფაქტია, რომ ჰანიბალს შხამის შემცველი ბეჭედი ჰქონდა, რათა რომაელებს ხელში არ ჩავარდნოდა ცოცხალი. ასევე უძველესმა ბერძენმა ორატორმა დემოსთენესმა ძვ.წ.ა. 322 წელს, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გადმოცემების მიხედვით მან თავი საწამლავით მოიკლა, რომელიც ბეჭედში ჰქონდა დამალული.

იარაღად შხამების გამოყენება ძალიან პოპულარული გახდა მე-8 საუკუნეში, რადგან არაბმა ქიმიკოსებმა უსუნო და უგემო საწამლავი გამოიგონეს. რენესანსის პერიოდში კი განსაკუთრებით გახშირდა  შხამიანი ბეჭდების, დანების, წერილების და პომადის გაყიდვაც კი. მსგავსი პატარა ნივთები, როგორიცაა ბულგარეთში ნაპოვნი ბეჭედი, ხშირად ისტორიის მიმართულებას ცვლიდნენ.