მნიშვნელოვანი სიახლეები
მთელს მსოფლიოში ყველაზე მაღლა ნაგები პოტალას სასახლე (+ვიდეო)

მთელს მსოფლიოში ყველაზე მაღლა ნაგები პოტალას სასახლე (+ვიდეო)

პოტალას უძველესი სასახლე ტიბეტის დედაქალაქ ლჰასაში მდებარეობს და დალაი ლამას ზამთრის სასახლეს და ტიბეტის მთავრობის ცენტრს წარმოადგენდა. ეს ნაგებობა ტიბეტური ბუდიზმის და მათი ტრადიციული თეოკრატიული მმართველობის სისტების სიმბოლოს წარმოადგენს. პოტალა მთელს მსოფლიოში ყველაზე დიდ სიმაღლეზე აშენებული სასახლეა.

გასაოცარი მდებარეობა

პოტალას სასახლე მორპო რის (წითელი მთა) მწვერვალზე მდებარეობს, რომელიც 130 მეტრი სიმაღლიდან გადმოყურებს ლჰასას მდელოს. ლეგენდის მიხედვით აქ იყო გამოქვაბული, სადაც ბუდას მოწყალების განსახიერება ავალოკიტესვარა ბინადრობდა. ადგილობრივი რწმენის თანახმად იმპერატორი სონგცენ გამპო გამოქვაბულს მედიტაციისთვის სტუმრობდა. ამ იმპერატორის მმართველობისას ახ.წ.ა. 637 წელს პირველი სასახლე მარპო რი აშენდა. ერთ-ერთი წყაროს მიხედვით სასახლე აიგო, რათა იმპერატორს თავის საცოლე, პრინცესა ვენჩენგი მოენახულებინა ხოლმე.

დალაი ლამას ზამთრის სასახლე

დღევანდელი სასახლე მე-17 საუკუნეში მე-5 დალაი ლამას მმართველობისას აშენდა. 1645 წელს სასახლის მშენებლობა დაიწყო. სამი წლის შემდგომ დალაი ლამას ზამთრის თეთრი სასახლე დასრულებული იყო.

თუმცა მთლიანი ნაგებობის მშენებლობას ათწლეულები დასჭირდა. წითელი სასახლე (რომელიც ბუდიზმის სწავლებასა და ლოცვას იყო მიძღვნილი) 1690 და 1694 წლებს შორის აშენდა. მე-5 დალაი ლამა ვერ მოესწრო დასრულებული ნაგებობის ნახვას, რადგან 1682 წელს გარდაიცვალა. ბუდისტი ბერები შიშობდნენ, რომ მისი გარდაცვალების გაგების შემდგომ მშენებლობა შეწყდებოდა. ამიტომ მისი გარდაცვალება 10 წლის მანძილზე საიდუმლოდ ინახებოდა. ამ ხნის მანძილზე მისი მსგავსი ადამიანი დალაი ლამას როლს ასრულებდა.

ჩინეთის ოკუპაცია

1959 წელს ტიბეტელები ჩინეთის მთავრობას აუჯანყდნენ. აჯანყება წარუმატებლად დამთავრდა და მე-14 დალაი ლამა, ტენზინ გიაცო ემიგრაციაში წავიდა. ამგვარად სასახლე აღარ იყო დალაი ლამას ადგილსამყოფელი. 1960-იან და 70-იან წლებში მრავალი ტიბეტური რელიგიული ნაგებობა კომუნისტური ჩინეთის კულტურული რევოლუციის მსხვერპლი გახდა. თუმცა, პოტალას სასახლე გადაურჩა დანგრევას. მას თავად პრემიერ ძოუ ენლაის სამხედრო დანაყოფი იცავდა. პოტალას სასახლე ჩინეთის მთავრობამ სახელმწიფო მუზეუმად გადააკეთა და დღემდე პილიგრიმთა მთავარ დანიშნულების ადგილად რჩება. სასახლე ასევე იუნესკოს მსოფლიოს ძეგლთა სიაშია შეყვანილი.

ხელოვანთა ოსტატობა

პოტალას განსაკუთრებულობა მის არქიტექტურაშია, რის გამოს ის მართლაც გასაოცარ ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს. მთლიანი ნაგებობა ქვითა და ხით არის ნაშენი, შეიცავს დაახლოებით 1000-მდე ოთახს, რაშიც შედის სალოცავები და დარბაზები.

სასახლეში ინახება გასაოცარი ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც მნახველებს გულგრილს არ ტოვებენ. მასში შედის ბუდას ქანდაკებები და ფერწერული ნამუშევრები. ისინი პოტალას სასახლის კედლებს ამშვენებენ და ტიბეტის ისტორიაში მნიშვნელოვან მომენტებს აღწერენ. წითელ სასახლეში რვა წინა დალაი ლამას მავზოლეუმია. მათი მუმიფიცირებული სხეულები ხელოვნების ნიმუშებადაა გადაქცეული. მათ შორისაა მე-5 დალაი ლამაც, რომელიც ოქროთი და ნახევრად ძვირფასი ქვებითაა შემკული.