მნიშვნელოვანი სიახლეები
მუზეუმის დამთვალიერებელს რემბრანდტის ტილოსთან ღამის გათევის ნება მისცეს

მუზეუმის დამთვალიერებელს რემბრანდტის ტილოსთან ღამის გათევის ნება მისცეს

ამსტერდამის სამხატვრო რეიკსმუზეუმის ხელმძღვანელობამ დამთვალიერებელს რემბრანდტის ცნობილი ნახატის - „ღამის გუშაგის“ წინ მარტოკას ღამის გატარების ნება მისცა.

ამგვარი უცნაური სურვილი შეუსრულა მუზეუმმა მე-10 მემილიონე დამთვალიერებელს, რომელიც სკოლის მასწავლებელი სტეფანე კასპერი აღმოჩნდა.

„მე „ღამის გუშაგიდან“ ორ მეტრში მეძინა. ეს საოცარი იყო. აქამდე აზრზე ვერ მოვსულვარ!“ - ამბობს კასპერი.

 ბედნიერი ბილეთის მფლობელის განმარტებით იგი მთელი ღამით მუზეუმში აბსოლუტურად მარტო დატოვეს. უფრო მეტიც, მისთვის საგანგებოდ წითელი ფარდაგიც დააფინეს.

ამას გარდა კასპერს ელიტური რესტორან RIJKS-ის შეფ-მზარეულმა ვახშამიც გაუმზადა.

კასპერის განცხადებით მან ღამით მუზეუმის ცარიელი დარბაზები დაიარა და რამდენიმე სელფიც გადაიღო. მისი განცხადებით იგი რემბრანდტის დიდი მოტრფიალე არაა, მაგრამ ეს ღამე მას დაეხმარა, რათა სხვანაირად შეეხედა მხატვრის შემოქმედებისათვის.

 „მე დავინახე პერსონაჟები, რომლებსაც ადრე არ ვამჩნევდი. ისინი ჩემს წინ ცოცხლდებოდნენ. ეს შთაბეჭდილება ჩემს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება“, - ამბობს იგი.

„ღამის გუშაგი“ რემბრანდტის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცნობილი ნამუშევარია. ტილო 1642 წელს ნიდერლანდების სამოქალაქო ლაშქრის შეკვეთით დაიხატა.

რეიკსმუზეუმის შენობა 1906 წელს  ამ ტილოს გამოსაფენად სპეციალურად გადააკეთეს.