მნიშვნელოვანი სიახლეები
„ოქროს ჟოლო“ დოკუმენტურ დრამას „ჰილარის ამერიკა“-ს ერგო

„ოქროს ჟოლო“ დოკუმენტურ დრამას „ჰილარის ამერიკა“-ს ერგო

ლოს-ანჟელესში წლის ყველაზე ცუდი ფილმის პრემიის „ოქროს ჟოლოს“ გადაცემის 37-ე ცერემონია ჩატარდა. იგი ტრადიციულად „ოსკარის“ დაჯილდოებას უსწრებს წინ. მთავარი პრიზი რეჟისორ დინეშ დ’სოუზის ფილმს „ჰილარის ამერიკა: დემოკრატიული პარტიის საიდუმლო ისტორიას“ ერგო.

„ჰილარის ამერიკა“ ეს  აშშ-ს დემოკრატიულ პარტიაზე კრიტიკული ხედვაა. კერძოდ დინეშ დ’სოუზა დემოკრატებს „კუ კლუქს კლანთან“ კავშირს სდებს ბრალად.

„რაც შეეხება ამერიკულ ისტორიას, ერთადერთი გაკვეთილი რაც დ’სოუზამ გულთან ახლოს მიიტანა, ესაა  XIX  საუკუნის შოუმენის  ბარნულის სიტყვები „ყოველ წუთს ქვეყანაზე ახალი არიფი ჩნდება“,  ასე შეაფასა „ჰილარის ამერიკა“ გამოცემა Movie Nation-ის კინოკრიტიკოსმა.

დ’სოუზას ფილმმა ერთბაშად ოთხ ნომინაციაში გაიმარჯვა: ყველაზე ცუდი ფილმი; მთავარი როლის ყველაზე ცუდი შემსრულებელი - იგივე დ’სოუზა, რომელმაც თავისი თავი ითამაშა; ყველაზე ცუდი რეჟისურა - იგივე დ’სოუზა და ბრიუს სკული, ასევე ცუდი მსახიობი ქალი - ბეკი ტერნერი, რომელმაც ჰილარი კლინტონის როლი ისე ითამაშა, რომ ფილმში კრინტიც არ დაუძრავს.

 ამ შედარებით ნაკლებად ცნობილმა მსახიობმა ქალმა  ეკრანის ისეთ „ზვიგენებს“ გადაასწრო  როგორებიც  არიან ჯულია რობერტსი (ფილმი „აუტანელი ქალბატონები“), ნაომი  უოტსი („დივერსანტი, თავი მე-3: კედლის იქეთ“) და მეგან ფოქსი („კუ ნინძია-2“).

კატეგორიაში „ყველაზე ცუდი რიმეიკი, პრიკველი, სიკველი და ასე შემდეგ“  საუკეთესოდ ანუ ყველაზე უარესად  ცნეს „ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ“. მანვე გაიმარჯვა „ყველაზე ცუდი სცენარის“ კატეგორიაში.

 დინეშ დ’სოუზამ თავისი ფილმისათვის „ოქროს ჟოლოს“ მინიჭებას „წაგებულთა წვრლმანი შურისძიება“ უწოდა.

 მან USA Today-ს განუცხადა: „ხალხს ჯერ კიდევ ნერვები ეშლება 8 ნოემბრის არჩევნების შედეგების გამო და ეს პრიზი ტრამპის გამარჯვებაზე გულისწყრომის შედეგია“.

 მცირე  ბიუჯეტიანი ფილმი კინოგაქირავებაში 2016 წლის ივლისში გამოვიდა. მისმა საკასო შემოსავლებმა 13 მილიონი დოლარი შეადგინა. დონალდ ტრამპი თავის მომხრეებს მოუწოდებდა ამ ფილმის სანახავად წასულიყვნენ.

„ოქროს ჟოლოს“ საიტზე დევს განცხადება იმის შესახებ, რომ ჟიური ჯერ კიდევ ელოდება თუ როდის წაიღებს დონალდ ტრამპი თავის „ოქროს ჟოლოს“ რომელიც მას 1991 წელს ფილმ „მოჩვენებები ამას არ აკეთებენ“ თავისი თავის ეპიზოდური როლის განსახიერებისათვის გადაეცა ("Ghosts Can't Do It).