მნიშვნელოვანი სიახლეები
პედოსკოპი: როგორ ირჩევდნენ ფეხსაცმელს ადრე

პედოსკოპი: როგორ ირჩევდნენ ფეხსაცმელს ადრე

XX საუკუნის პირველ ნახევარში ფეხსაცმლის შერჩევისას ფეხს რენტგენით აშუქებდნენ. როგორ აკეთებდნენ ამას და რა პრობლემები ჰქონდათ მყიდველებს და გამყიდველებს?

1920-იან წლებში ამერიკის ფეხსაცმლის მაღაზიებში ხის უცნაური ტუმბოები გამოჩნდა. მათ Shoe-Fitting Fluoroscope-ები ეწოდებოდათ. მათი მუშაობის პრინციპი ძალიან მარტივი იყო: პოტენციური მყიდველი ქვედა განყოფილებაში ფეხს შეყოფდა და სპეციალური მილის საშუალებით ხედავდა თუ რამდენად მჭიდროდ იყო ფეხსაცმელი ფეხზე მომდგარი. აპარატი ფეხს მთლიანად აშუქებდა და ამიტომ ფეხის ყველა ძვალი და ლანჩის კონტური კარგად ჩანდა.

აპარატი ჩრდილო ამერიკის და ევროპის ფეხსაცმელების მაღაზიებს ეპიდემიასავით მოედო. ინგლისში მათ Pedoscope-ს ეძახდნენ, გერმანიაში - Shucoskop-ებს. პედოსკოპი (იგივე ფლუოროსკოპი) მილუოკელმა ქირურგიული ხელსაწყოებით მოვაჭრე კლარენს კარერმა 1924 წელს გამოიგონა. „ფეხსაცმლის ტუმბოს“ ღირებულება 800-1000 დოლარს აღწევდა. ასეთი სიძვირის მიუხედავად ყველა ფეხსაცმლის მაღაზია ამ სიახლით ცდილობდა თავისი სტატუსის წარმოჩენას. აპარატის პოპულარობის პიკი დიდი დეპრესიის პერიოდს დაემთხვა. ადამიანები ცდილობდნენ მოხერხებული ფეხსაცმელი შეეძინათ, რათა მას რამდენიმე სეზონი გაეძლო. პედოსკოპების მფლობელთა საქმეები აღმა მიდიოდა, სანამ 1940-იან წლებში მეცნიერებმა მათი მავნეობის შესახებ ხმამაღლა არ განაცხადეს.

აპარატები მყიდველებისათვის საფრთხეს არ შეიცავდნენ: ყოველ შემთხვევაში ტრავმები არ დაფიქსირებულა. ძირითადათ გამყიდველები ზარალდებოდნენ: როდესაც კლიენტს ფეხსაცმელს არგებდნენ ფეხზე, მათი ხელები სხივების პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ რეგულარულად იმყოფებოდნენ (საშუალოდ 114 მიკრორენტგენი/საათში). ეს დერმატიტს და კანის სხვა დაავადებებს იწვევდა. პედოსკოპთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ტრავმა ფეხსაცმლის მოდელმა მიიღო. მას ხშირი დასხივების გამო ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.

ნელნელა მთელ მსოფლიოში კანონმდებლობით შეიზღუდა პედოსკოპების გამოყენება. ასე მაგალითად ბავშვებს წელიწადში მხოლოდ 12-ჯერ შეეძლოთ მათი გამოყენება, რაც სავსებით არ აწყობდა ფეხსაცმელების გამყიდველებს. საბოლოოდ მაღაზიებიდან ისინი მთლიანად გაქრნენ აშშ-ში 1960 წლისათვის, ხოლო დიდი ბრიტანეთსა და კანადაში1970-იანი წლებისათვის.