მნიშვნელოვანი სიახლეები
„ქრისტეფორე კოლუმბის გემის“ ღუზა აღმოაჩინეს (+ვიდეო)

„ქრისტეფორე კოლუმბის გემის“ ღუზა აღმოაჩინეს (+ვიდეო)

კარიბის ზღვაში, ტერკსის და კაიკოსის კუნძულებთან აღმოაჩინეს ღუზა, რომელიც ექსპერტების ვარაუდით ამერიკის აღმომჩენის, ესპანელი ზღვაოსანის ქრისტეფორე კოლუმბის ერთ-ერთ გემს ეკუთვოდა.

სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ღუზა 1492-1550 წლებს შორისაა დამზადებული. მისი წონა დაახლოებით 680 კილოგრამია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იგი დაახლოებით 300 ტონა წყალწყვის გემს ეკუთვნოდა, სწორედ ასეთებს აგებდნენ კოლუმბის ეპოქაში.

ექსპედიციის ხელმძღვანელი ისტორიკოსი დარელ მიკლოშის განცხადებით, ეს მართლაც ქრისტეფორე კოლუმბის გემის ღუზაა: „გეუბნებით თქვენ: ხელი მაგრად ჩასჭიდეთ! ეს დიდი აღმოჩენების დასაწყისია!“.

იმისათვის, რომ ღუზამდე მიეღწიათ, მიკლოშმა „განძის რუკა“ გამოიყენა, რომელიც მისმა მეგობარმა, NASA-ს ასტრონავტმა გორდონ კუპერმა კარიბის ზღვაში ჩაძირული გემების საძებნელად შექმნა. როგორც ისტოტიკოსი ამბობს, კუპერი აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო დავალებას ასრულებდა და „ბირთვულ საფრთხეებს“ ეძებდა. იგი კოსმოსურ ხომალდ Mercury 9 Faith 7-ით დაფრინავდა და დედამიწის გარშემო 22 ბრუნი გააკეთა.

 კოსმოსური „დაზვერვის“ დროს კუპერმა კარიბის ზღვაში გემების ჩაძირვის ადგილები მონიშნა და დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ რუკაც გააკეთა. სწორედ ეს რუკა დაეხმარა ისტორიკოსს ღუზის მოძებნაში.

   როგორც ითვლება ტერკსის და კაიკოსის კუნძულების აღმოჩენა  ესპანელი მეზღვაურის ვისენტე იანიეს პინსონის სახელთან არის დაკავშირებული. იგი და მისი ძმა, მარტინ ალონსო პინსონი კოლუმბის ექსპედიციაში მონაწილეობდნენ.

მარტინი და ვისენტე 1492 წელს კოლუმბის პირველი მოგზაურობისას  გემების „პინტას“ და „ნინიას“ კაპიტნები იყვნენ. ექვსი წლის შემდეგ, უკვე მესამე ექსპედიციისას, ვისენტე ოთხი კარაველათი ე.წ. მცირე ექსპედიციაში იღებს მონაწილეობას. 1499-1500 წლებში მან ბრაზილია და მდინარე ამაზონი აღმოაჩინა.

1500 წლის გაზაფხულზე ვისენტე კოლუმბს ჰაიტიზე შეხვდა. მაგრამ იმავე წლის ივლისში, ტერკსის და კაიკოსის კუნძულებთან, ვისენტეს ხომალდები შტორმში მოხვდნენ. ორი წლის შემდეგ, 1502 წელს ვისენტე პინსონი კარიბის ზღვის ამავე რაიონში ტვირთის გადასარჩენად მივიდა.

ღუზის გარდა მიკლოშის გუნდმა უამრავი არტეფაქტი აღმოაჩინა, მათ შორის სამი კაუჭი, რომლებიც კოლუმბის დროს ჩაძირული ტვირთის ზღვიდან ამოსაღებად გამოიყენებოდნენ. არქეოლოგებმა ასევე კერამიკის ნამსხვრევები მოიპოვეს, რომლებიც ასევე 1492-1500 წლებით თარიღდება.

„განძის კოსმოსური რუკის“ შემდგენელი გორდონ კუპერი 2004 წელს პარკინსონის დაავადებით გარდაიცვალა. მიკლოში, რომელიც ძალიან ახლოს იცნობდა კუპერს, აცხადებს, რომ 2002 წელს ყოფილმა ასტრონავტმა რუკა მას გადასცა. ახლა ისტორიკოსი თავის არქეოლოგიურ აღმოჩენებს თავისი მეგობრის ხსოვნას უძღვის.