მნიშვნელოვანი სიახლეები
რატომ უნდა იყოს ასაფრენი ზოლი წრიული? (+ვიდეო)

რატომ უნდა იყოს ასაფრენი ზოლი წრიული? (+ვიდეო)

რა მოხდება თუკი აეროპორტებში ასაფრენი ზოლი სარბოლო ტრეკივით წრიული იქნება? სწორედ ამგვარი იდეა დაებადათ ნიდერლანდელ მკვლევარ ჰენკ ჰესელინკს და მის პარტნიორებს ნიდერლანდების ეროვნული აეროკოსმოსური ლაბორატორიიდან. მათი „უსასრულო ასაფრენი ზოლის“ იდეა  ავიაკომპანიებს გაცილებით გაუადვილებს ცხოვრებას.

 ტრადიციული ასაფრენ ზოლებს რამდენიმე ნაკლი აქვთ, რომელთაგან მთავარი ეს გვერდითი ქარია. გვერდითი ქარის დროს თვითმფრინავების აფრენ-დაჯდომის პროცესი რთულდება და ზოგ შემთხვევაში აეროპორტების დახურვის მიზეზიც ხდება.

 თუკი ასაფრენი ზოლი წრიული იქნება მაშინ თვითმფრინავს აფრენა ნებისმიერი მხრიდან შეეძლება. ამასთან უსასრულო ასაფრენი ზოლის გამოყენება ერთდროულად რამდენიმე თვითმფრინავს შეეძლება.

რაღა თქმა უნდა უბრალოდ ბეტონის წრის გაკეთება არ შეიძლება. იგი გარკვეული კუთხითაც უნდა დაიხაროს რათა მოსახვევში თვითმფრინავი ზოლს არ აცდეს. მთლიანობაში ზოლი დიდი გამოდის: 3,5 კილომეტრის დიამეტრისას მისი პერიმეტრი 10 კილომეტრიანი გამოვა. ამას გარდა, ამგვარ ასაფრენ ზოლთან მრგვალი აეროპორტი და ახალი მიწისქვეშა მისასვლელი გზები უნდა გაკეთდეს.

იმისათვის, რომ გაერკვიათ ამგვარი დიზაინის აეროპორტის შესაძლებლობები, ჰესილინკმა და პარტნიორებმა აიღეს პარიზში ოთხ ასაფრენ ბილიკიანი შარლ დე გოლის აეროპორტის მონაცემები. მათ კომპიუტერული სიმულაციის მეშვეობით დაამტკიცეს, რომ მრგვალ ასაფრენ ზოლს იმავე რაოდენობის ფრენების უზრუნველყოფა შეუძლია. უფრო მეტიც, ამგვარი ზოლი სიგრძეში სამ ჩვეულებრივს უდრის, მაგრამ ოთხი სტანდარტული ასაფრენი ზოლის ტრაფიკის უზრუნველყოფა შეუძლია. ამასთან დაფრენისას თვითმფრინავებს ქართან ბრძოლა აღარ მოუწევთ. შესაბამისად დაიზოგება საწვავი და გაიაფდება ბილეთები.

 ჰესელინკს და მის კოლეგებს კარგად ესმით, რომ თანამედროვე აეროპორტების და ინფრასტრუქტურის გადაკეთებას არავინ დაიწყებს. სამაგიეროდ კუნძულებზე, სადაც ცოტა მიწაა ამგვარი დიზაინი სავსებით გაამართლებდა. ამასთან იგი გაცილებით ესთეტიკურია და სიმაღლიდანაც კარგად ჩანს.