მნიშვნელოვანი სიახლეები
შუა საუკუნეების "ეშმაკეული" ხელნაწერი DarkNet-ის მეშვეობით გაშიფრეს

შუა საუკუნეების "ეშმაკეული" ხელნაწერი DarkNet-ის მეშვეობით გაშიფრეს

იტალიელმა პროგრამისტებმა DarkNet-ში ნაპოვნი ალგორითმით XVII საუკუნის "ეშმაკეული" ხელნაწერი გაშიფრეს, რომელიც 300 წელი სპეციალისტებისათვის გამოცანას წარმოადგენდა.

უძველესი დაშიფრული ხელნაწერი, რომელიც "ეშმაკის წერილის" სახელით არის ცნობილი და XVII საუკუნის მონაზონს მარია კროსსიფისა დე კონსეპსიონს (ერობაში იზაბელა ტომაზის) მიერ არის ჩაწერილი, საინფორმაციო ტექნოლოგიების იტალიური ცენტრისა და მუზეუმის Ludum Science Center-ის სპეციალისტების მიერ  იქნა გაშიფრული.

 ხელნაწერის ორიგინალი სიცილიის აგრიჯენტოს კათედრალურ ტაძარში ინახება - ეს ბენედიქტელთა მონასტერ პალმა დი მონტეკიაროში. ამ მონასტერში და მარია ცხოვრობდა, ლოცულობდა, ავადმყოფობდა (თანამედროვე მკვლევარებმა მას ხან შიზოფრენიის და ხან ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს), უგონოდ ეცემოდა და ესმოდა "ეშმაკის ხმა", რომელიც მას აცდუნებდა და მოუწოდებდა მონასტერზე და მონაზვნურ მსახურებაზე უარი ეთქვა. "უწმინდურის" მოწოდებებს მონაზონი შიფრით წერდა, რომელიც 300 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ვერც ერთმა კრიპტოლოგმა ვერ გატეხა.

 "ეშმაკის სიტყვების" ჩასაწერად და მარია ხან ერთ და ხანაც რამდენიმე ანბანს იყენებდა - ლათინურს, კირილიცას, ბერძნულს, არაბულს, გერმანული ტომების რუნულ და უძველეს ეზიდურ დამწერლობას. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სისტემების პროგრამაში ჩატვირთვის შემდეგ Ludum Center-ის სპეციალისტებმა უძველესი ტექსტი გაშიფრეს. პროგრამამ აღმოაჩინა განმეორებული სიმბოლოები, შეუდარა იგი სხვადასხვა ანბანის სიმბოლოებს და გამოიყვანა კანონზომიერება.

 ტექსტი მართლაც "ეშმაკეული" აღმოჩნდა - იმ გაგებით, რომ მასში მოხსენიებულია ველზევული, ასევე ღმერთი, "ქრისტე ზოროასტრიული" და მითოლოგიური მდინარე სტიქსის სახელი. ეს მდინარე უძველესი ბერძნების მითოლოგიით იმქვეყნიურ სამყაროში მიედინებოდა, ხოლო დანტეს მიხედვით კი ჯოჯოხეთის მდინარეს წარმოადგენდა. ტექსტის საერთო აზრი კი ბუნდოვანი აღმოჩნდა.