მნიშვნელოვანი სიახლეები
შვეიცარიის მთებში წინარეისტორიული თევზი აღმოაჩინეს

შვეიცარიის მთებში წინარეისტორიული თევზი აღმოაჩინეს

შვეიცარიელმა პალეონტოლოგებმა, მაღლა მთებში 240 მილიონი წლის წინათ მცხოვრები თევზის ნეშთი აღმოაჩინეს.

 აღმოჩენა ალპებში ქალაქ დავოსის მახლობლად, 2740 მეტრის სიმაღლეზე მოხდა.  საუბარია ინდოეთის ოკეანის სამხრეთ დასავლეთ ნაწილში მობინადრე  ლატიმერიის შორეულ ნათესავზე. ამ თევზს თავის დროზე „ცოცხალი ნამარხი“ უწოდეს. მეცნიერებს ორმაგად გაუმართლათ: ჯერ ერთი ნამარხი მასალა კარგად შემონახული აღმოჩნდა და მეორეც, ცელაკანტისნაირი თევზების ახალი სახეობა აღმოაჩინეს.

როგორც ჟენევის საბუნებისმეტყველო მუზეუმის თანამშრომლები აღნიშნავენ, აღმოჩენა „ამ ჯგუფის თევზების ევოლუციაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა“.

ცელაკანტის ნეშთი შვეიცარიის მთების აღმოსავლეთ ნაწილში მოყვარულმა პალეონტოლოგმა ქრისტიან ობრისტმა აღმოაჩინა, რომელიც უკვე 20 წელია შვეიცარიის ალპებში ციურიჰის უნივერსიტეტის თანამშრომლებთან ერთად გათხრებს აწარმოებს.

 აღმოჩენის შესწავლის შემდეგ მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მათ წინაშე ცელაკანტისმაგვარი თევზების ახალი სახეობის წარმომადგენელია, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება თანამოძმეებისგან. სახეობას სახელად Foreia maxkuhni უწოდეს.

„ალპურ თევზს“ უჩვეულო ფორმის - გუმბათისნაირი  თავი აქვს.მისისხეული მოკლეა, ხოლო პირი პატარა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იგი  ნათესავების მსგავსად სიღრმეზე არ ცხოვრობდა. მისი საბინადრო არეალი თავთხელი იყო. ექსპერტების ვარაუდით მის ანატომიაში სერიოზული ცვლილებები გენეტიკური მუტაციების შედეგია.