მნიშვნელოვანი სიახლეები
ტურისტებს კოლიზეუმში პლებეების ადგილებში შეუშვებენ

ტურისტებს კოლიზეუმში პლებეების ადგილებში შეუშვებენ

კოლიზეუმის ყველაზე მაღალი დონე საზოგადოებისათვის ბოლო 40 წლის მანძილზე პირველად გაიხსნება. ტურისტების შეშვება 1 ნოემბრიდან დაიწყება.

ამფითეატრის მეხუთე დონეზე ადგილები ოდესღაც ძველი რომაული საზოგადოების უბრალო წევრებისათვის - პლებეებისათვის იყო განკუთვნილი. ამ ადგილებიდან პანორამული ხედი იხსნება - ჩანდა არენაც და კოლიზეუმის გარეთა ტერიტორიაც.

იტალიის კულტურის სამინისტროს განცხადებით "პლებეების ადგილებიდან" ტურისტებისათვის არნახული ხედები გაიხსნება. 48 მეტრის სიმაღლიდან დანახული ძველი რომის ხედები მთელი ცხოვრების სახსოვარი იქნება.

 ძველ რომში ამ ადგილების მთავარი თავისებურება იმაში მდგომარეობდა, რომ ისინი უფასო იყო. წარსულში ამ სკამების თავზე საჩრდილობელი იხსნებოდა, რომელიც მაყურებლებს მზისგან და წვიმისგან იცავდა.

"პლებეის ადგილების" მოსანახულებლად პირველმა ტურისტებმა ექსკურსიები უნდა შეუკვეთონ - ეს სავალდებულო პირობაა. დათვალიერება მეორე და მესამე სართულებს  შორის არსებული გვირაბიდან დაიწყება. აქ ჯერ კიდევ შემორჩენილია ტუალეტის ოთახები და 217 წელს ელვა-მეხისგან გაჩენილი ხანძრის შემდეგ რესტავრირებული კედლები.

   შემდეგ ტურისტებს მესამე სართულზე აიყვანენ, სადაც საშუალო შეძლების ხალხი თავსდებოდა, ხოლო შემდეგ მეოთხეზე - აქ უკვე ვაჭრების ადგილიები იყო. მხოლოდ ამის შემდეგ აიყვანენ დამთვალიერებლებს ყველაზე მაღალ დონეზე.