მნიშვნელოვანი სიახლეები
ვიკიპედიაში უკვე წლებია ბოტების ომი მიმდინარეობს

ვიკიპედიაში უკვე წლებია ბოტების ომი მიმდინარეობს

ოქსფორდის მკვლევართა ჯგუფმა ვიკიპედიაში ბოტების - მოკლე და უბრალო ავტონომიური პროგრამების მოქმედება შეისწავლა და აღმოაჩინა რომ 2001 წელს ენციკლოოპედიის გაშვებიდან დღემდე, მის გვერდებზე გამოუცხადებელი ომი მიმდინარეობს.

 ვიკიპედიისათვის ბოტების დაწერა პროექტის გაშვების დღიდანვე დაიწყეს. თავიდან ისინი ისე ცოტანი იყვნენ, რომ მათი გზები არც კი იკვეთებოდა. მაგრამ დროთა განმავლობაში მათი რიცხვი იმდენად გაიზარდა, რომ ხშირად ერთის მიერ შეტანილ შესწორებებს მეორე აუქმებდა და პირიქით.

როგორც კვლევის ავტორები ამტკიცებენ ვიკიპედიაში ბოროტგანზრახვით მოქმედი ბოტები არ არიან - ყველა ისინი სასარგებლო შრომას ეწევიან: ასწორებენ შეცდომებს, სვამენ სხვა სტატიების ბმულებს და ერთი და იგივე თემაზე სხვადასხვა ენებზე დაწერილ სტატიებს ერთმანეთს აკავშირებენ. მაგრამ ყველა ისინი სამყაროს ერთნაირად არ ხედავენ და როგორც აღმოჩნდა ერთმანეთის მიერ გაკეთებულ ჩასწორებებს თავიდან ასწორებენ. მაგალითად სადაო ტერიტორიების სახელებს უსასრულოდ ცვლიან. იგივეს აკეთებენ ადამიანებიც, მაგრამ როგორც წესი ისინი რამდენიმე დღეში იღლებიან, მაშინ როდესაც ბოტები - არასდროს.

 საინტერესოა ის ფაქტი, რომ ვიკიპედიაში სხვადასხვა ენებზე მოქმედ ბოტებს შორის მთელი რიგი განსხვავებებია.  ასე მაგალითად პოლემეიკაში ყველაზე ნაკლებად გერმანულენოვანი ბოტები შედიან, ხოლო ყველაზე მეტად ინგლისურენოვანი ბოტები ომობენ. ყველაზე დაძაბული ქსელური ბრძოლები გამოიწვია პაკისტანის პრეზიდენტ პერვეზ მუშარაფის, არაბული ენის, ნილს ბორის და არნოლდ შვარცენეგერის შესახებ დაწერილმა სტატიებმა.

 განსაკუთრებულად აქტიური ბოტების რიცხვს მიეკუთვნებიან Xqbot და  Darknessbot, რომლებმაც 2009-2010 წლებში 3500-ზე მეტი სტატიის რედაქტირება მოახდინეს. ამ დროის განმავლობაში Xqbot-მა Darknessbot-ის მიერ გაკეთებული 2000-მდე ჩასწორება გააუქმა, ხოლო ამ უკანასკნელმა მას 1700-მდე ჩასწორებით უპასუხა. ამ ბოტების შეჯახების მიზეზი სხვადასხვა შინაარსის სტატიები იყო: დაწყებული ალექსანდრე მაკედონელიდან და  ბრიტანული საფეხბურთო კლუბ „ასტონ ვილათი“ დამთავრებული.

ომის მიზეზი შეიძლება ბოტების მოქმედებებს შორის მცირე სხვაობაც კი გახდეს - ისინი ხომ სხვადასხვა მომხმარებლების მიერ არიან დაწერილები. მეცნიერების აზრით ამან შესაძლოა სხვა სფეროში უფრო მეტი პრობლემები წარმოშვას. არნოლდ შვარცენეგერის ბიოგრაფიის დეტალებში განსხვავებას კიდევ გადაიტანს ადამიანი, მაგრამ  უპილოტო ავტომობილების მიერ მოძრაობის წესების სხვადასხვაგვარმა აღქმამ, შესაძლოა სერიოზულ კონფლიქტებამდე მიგვიყვანოს - მათაც ხომ სხვადასხვა ადამიანები წერენ.